დღეს, 7 მაისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი პარის სენ-ჟერმენსა და ლონდონის არსენალს შორის. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი დასრულდა პსჟ-ს მინიმალური მოგებით, 1:0.
პსჟ VS არსენალი (1:0) | 23:00
პირველ მატჩში მოხდა უნიკალური ფაქტი - პარის სენ-ჟერმენმა არსენალი თავის ისტორიაში პირველად დაამარცხა. ფრანგულ გუნდს საამისოდ მე-6 ცდა დასჭირდა. პსჟ შინ დაბრუნდა 1-ბურთიანი უპირატესობით და მოიპოვა ფავორიტის სტატუსიც, მაგრამ ცხადია, დასრულებული ჯერჯერობით არაფერია.
ლონდონელებმა კარგად იციან, თუ რას ნიშნავს პარიზელთა დამარცხება. მათ ეს გააკეთეს მიმდინარე სეზონშიც, ჩემპიონთა ლიგის ფაზაში. პირველი შეხვედრის შემდეგ, კითხვის ნიშნიშ ქვეშ იდგა უსმან დემბელეს თამაში, რომელიც ტრავმირებული იყო. რაც შეეხება მის ამჟამინდელ მდგომარეობას, ფრანგი ვინგერი მწყობრშია და დღეს ის მოედანზე იქნება.
სასტარტო შემადგენლობაში იქნება ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც პირველად თავის კარიერაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას ეცდება. ლუის ენრიკეს დღეს დააკლდება პრესნელ კიმპემბე და ასევე საეჭვოა კან ინ ლის თამაშიც. რაც შეეხებათ "მეთოფეებს", მათი ლაზარეთი ბევრად გადატვირთულია.
ემირეიტსის ბინადრებს დღეს არ ეყოლებიან გაბრიელ ჟეზუსი, კაი ჰავერცი, გაბრიელ მაგალიაესი და ტაკეჰირო ტომიასუ. ასევე საეჭვოა ჟორჟინიო ფრელოს, რიკარდო კალაფიორისა და იურიენ ტიმბერის თამაშიც. აქვე დავამატებთ, რომ პარკ დე პრენსის ბინადრებსა და მიკელ არტეტას გუნდს შორის მოგებული ფინალში მილანის ინტერს შეხვდება.









