სერია ა-ს 31-ე ტური დაგვირგვინდება მილანის სტუმრობით ნაპოლისთან. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ მატჩისგან.
ნაპოლი V მილანი | 22:45
სერია ა-ში ჩატარებული 30 ტურის შემდეგ, მილანი 63 ქულით არის მეორე ადგილზე და ჩემპიონატის ლიდერს, თანაქალაქელ ინტერს ამ მომენტისთვის 9 ქულით ჩამორჩება. იქვე ახლოს არიან ნეაპოლელებიც, რომლებიც "როსონერის" 1 ქულით ჩამორჩებიან. გამოსარჩევია "პარტენოპეის" კარგი ფორმა უკანასკნელ პერიოდში, 4/4 მოგება.
წარმატებული სერიის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "აძური" სერია ა-ს საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნდა. "დიავოლო" მსგავსი სტაბილურობით კვლავ ვერ გამოირჩევა: 3 მოგება, 2 წაგება და 1 ფრე კალჩოში ჩატარებულ უკანასკნელ 6 შეხვედრაში. დიახ, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მოუგო "ნერაძურის", რითაც გააცოცხლა ინტრიგა, მაგრამ შემდეგ, რომის ლაციოსთან წააგო.
სან სიროს ბინადრებისთვის სასწორზე დევს ბევრი რამ - დიეგო მარადონას მკვიდრთა გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ადგილზე სწორედ ისინი აღზევდებიან. ამის გარდა, "გველებთან" ჩამორჩენა 9 ქულამდე გაიზრდება. ერთი სიტყვით, მილანს კიდევ ერთი შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სერია ა-ს საჩემპიონო ბრძოლა "როსონერისთვის" პრაქტიკულად დასრულებული იქნება. რაც შეეხება დანაკლისს, "დიავოლოს" დღეს ვერ დაეხმარება მხოლოდ მატეო გაბია, ანტონიო კონტეს განკარგულებაში კი არ იქნებიან რომელუ ლუკაკუ, დავით ნერეში და ანტონიო ვერგარა.
ხსენებული სამეულის გარდა, სან სიროს ბინადრების წინააღმდეგ ნაპოლის მხრიდან ასევე საეჭვოა ჯოვანი დი ლორენცოსა და ამირ რაჰმანის თამაშიც. ბოლოს შეგახსენებთ იმასაც, რომ პირველ წრეში, აღნიშნული კლუბების დუელი დასრულდა ალეგრის შეგირდების მოგებით, 2:1.









