შაბათის მატჩის დღე, ტოპ ხუთ ლიგაში ქართული დერბით - ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენი გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის მეცს ესტუმრება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან.
მეცი V პსჟ
რთული წარმოსადგენია ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ჩახედვა და პირველ ადგილზე პარის სენ-ჟერმენის ნაცვლად სხვა გუნდის აღმოჩენა. ფაქტია, მე-16 ტურისთვის მართლაც ასეა: პსჟ 33 ქულით მე-2 პოზიციაზეა და საფრანგეთის ჩემპიონატის ამჟამინდელ ლიდერ ლანსს 1 ქულით ჩამორჩება.
"ლურჯ-წითლები" მეცის სახით უპირისპირდებიან ლიგა 1-ის ამ დროისთვის უსუსტესს გუნდს - 11 ქულა და უკანასკნელი, მე-18 ადგილი. ცხადია, ლოთარინგიელებისთვის გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, რადგან წინ სეზონის ნახევარზე მეტია. საფრანგეთის ჩემპიონატის აუტსაიდერს მდგომარეობის გამოსასწორებლად საკმარისი დრო აქვს.
"ლე გრენას" ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებაში ეხმარება ქართული დუეტი - წიტაიშვილი და აბუაშვილი. შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი ატარებს სადებიუტო სეზონს, როგორც საფრანგეთის ჩემპიონატში, ისე ზოგადად, ტოპ 5 ლიგაში. კიევის დინამოს საკუთრებაში მყოფმა ვინგერმა სენ-სიმფორიენზე მოასწრო 15 შეხვედრის ჩატარება, 1 ბურთის გატანა და 1 ასისტის გაკეთებაც.
ფოთის კოლხეთის საკუთრებაში მყოფმა გარემარბმა ცხრა მატჩში ანალოგიურად ერთი გოლი გაიტანა. რაც შეეხება კვარაცხელიას, განვლილ საკლუბო მუნდიალიდან თუ დავიწყებთ ათვლას, ვარსკვლავურმა ვინგერმა მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრო 26 შეხვედრის ჩატარება, 6 ბურთის გატანა და 7 ასისტის გაკეთება, ყველა ტურნირზე ერთად.
ეს იქნება აღნიშნული გუნდების რიგით 84-ე მატჩი - 50-ჯერ იმარჯვეს პარკ დე პრენსის ბინადრებმა, 18-ჯერ - მეცის ფეხბურთელებმა, 15 შეხვედრა ფრედ დასრულდა. საინტერესოა, რომ პარის სენ-ჟერმენმა ლოთარინგიელებთან ბოლოს 2006 წლის მაისში წააგო. იმის შემდეგ, გაიმართა 16 თამაში, რომელშიც "ლურჯ-წითლებმა" მოიგეს 15-ჯერ, ერთხელ კი ფრე ითამაშეს.
აღნიშნული გუნდების დაპირისპირებაში საუკეთესო ბომბარდირი არის კილიან მბაპე, რომელმაც პარკ დე პრენსის ბინადრების სახელით "ლე გრენას" კარი სხვადასხვა დროს 9-ჯერ აიღო. მხოლოდ ლიონსა და მონპელიეს შეუგდო ფრანგმა ფორვარდმა უფრო მეტი, 13 და 15 ბურთი.
შაბათის მატჩის დღე
| ატლეტიკო - ვალენსია | 17:00 | ლა ლიგა |
| ჰოფენჰაიმი - ჰამბურგი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| სანქტ პაული - ჰაიდენჰაიმი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| ჩელსი - ევერტონი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| ლივერპული - ბრაიტონი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| რექსემი - უოტფორდი | 19:00 | ჩემპიონშიპი |
| ბარსელონა - ოსასუნა | 21:30 | ლა ლიგა |
| მეცი - პსჟ | 22:00 | ლიგა 1 |
| სენტ-ეტიენი - ბასტია | 23:00 | ლიგა 2 |
| არსენალი - ვულვზი | 23:55 | პრემიერ ლიგა |
| სარაგოსა - კადისი | 23:55 | ლა ლიგა 2 |
| სპორტინგი - ავეში | 00:30 | პრიმეირა ლიგა |









