შაბათის მატჩის დღის მთავარი მოვლენა - ქართული დერბი ლიგა 1-ში, პარის სენ-ჟერმენი საკუთარ კედლებში მეცს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
პსჟ V მეცი | 23:55
გუნდი, რომელიც ტრადიციულად იბრძვის ჩემპიონობისთვის, იმ მეტოქის წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანი ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებაა. მიმდინარე სეზონში პარის სენ-ჟერმენის დომინანტობა არ არის ისეთი გამოკვეთილი, როგორც სხვა დროს. უკვე თებერვალია, მაგრამ პსჟ ჯერ კიდევ არ არის პირველ პოზიციაზე 15+ ქულიანი ჰანდიკაპით.
ლიგა 1-ს ლიდერობს ლანსი, "ლურჯ-წითლები" კი არიან მეორე ადგილზე, ერთქულიანი ჩამორჩენით. რაც შეეხება მეცს, მხოლოდ 13 ქულა და ბოლო, მე-18 პოზიცია. ლოთარინგიელებს პლეიოფამდე აშორებთ მინიმუმ 4 ქულა, ადგილის შემნარჩუნებელ მე-15 საფეხურამდე კი 9 ქულა. "წითლების" კონკურენტებს შორის არიან ნანტი, ოსერი და პარიზი.
სენ-სიმფორიენის ბინადრებს გადარჩენაში ეხმარება ქართული დესანტი - გიორგი ქვილითაია, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი. ბენუა ტავენოს გუნდმა პირველ წრეში აჩვენა, რომ ლუის ენრიკეს შეგირდების წინააღმდეგ ბრძოლა, მართლაც შესაძლებელია. დიახ, აღნიშნული შეხვედრა მეცმა წააგო, მაგრამ ბრძოლით (2:3).
ლოთარინგიული გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო სწორედ ქართველი შემტევი, ვინც პარკ დე პრენსის ბინადრების წინააღმდეგ გოლიც გაიტანა. კიევის დინამოს ექს-ვინგერი მოედანზე იქნება დღესაც, ისევე როგორც მისი თანამემამულეები. რაც შეეხება პარის სენ-ჟერმენის შემადგენლობას, "წითლებს" ხვიჩა კვარაცხელია შეუტევს.
შაბათის მატჩის დღე
| იუვენტუსი - კომო | 18:00 | სერია ა |
| ბაიერნი - აინტრახტი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| ჩელსი - ბარნლი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| უოტფორდი - დერბი | 19:00 | ჩემპიონშიპი |
| ლეჩე - ინტერი | 21:00 | სერია ა |
| ოსასუნა - რეალი | 21:30 | ლა ლიგა |
| სენტ-ეტიენი - ლავალი | 23:00 | ლიგა 2 |
| მანჩესტერ სიტი - ნიუკასლი | 23:55 | პრემიერ ლიგა |
| ატლეტიკო - ესპანიოლი | 23:55 | ლა ლიგა |
| პსჟ - მეცი | 23:55 | ლიგა 1 |









