შაბათის მატჩის დღეს ქართველ ლეგიონერებს ელით დაპირისპირება ტოპ გუნდებთან - გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი ესტუმრება რეალ მადრიდს, გიორგი მამარდაშვილის ლივერპული კი ჩელსის. განვიხილოთ ორივე დაპირისპირება.
რეალი V ვილიარეალი
მიქაუტაძეს ვილიარეალში ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. ლა ლიგაში მან უკვე მოასწრო გოლის გატანა და საგოლე პასის ჩაწერა, ამ კვირაში კი ქართველმა ფორვარდმა შეაგდო ჩემპიონთა ლიგაზე, თანაც ტურინის იუვენტუსთან. დღეს, მას ელის შეხვედრა კიდევ ერთ ტოპ კლუბთან, რეალთან.
ჟორჟის ფაქტორის გათვალისწინების გარეშეც კი, ეს მატჩი პრინციპულია კონკურენციის თვალსაზრისით. ლა ლიგის შვიდი ტურის შემდეგ, მადრიდელები და "ყვითლები" 18-16 ქულით არიან მეზობლები, მე-2 და მე-3 პოზიციებზე. მასპინძლებს აქვს საკადრო პრობლემები, მაგრამ ეს არ ეხება შეტევას, სადაც კილიან მბაპე ბრწყინავს.
ფრანგმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონის 9 მატჩში უკვე 13 გოლის გატანა მოასწრო. შეიძლება ითქვას, რომ "სუბმარინას" ახალწვეულ ფორვარდს "სამეფო კლუბის" ლიდერთან პერსონალური დუელი ექნება.
ჩელსი V ლივერპული
ლივერპულმა ტრავმის გამო ორი თვით დაკარგა ალისონ ბეკერი და ამ ფაქტმა გზა მამარდაშვილს გაუხსნა. ახალგაზრდა მეკარემ უკვე მოასწრო თავისი შეხვედრების ჩატარება ჩემპიონთა ლიგასა და ქვეყნის თასზე, დგება პრემიერ ლიგის ჯერი, სადაც ქართველი გოლკიპერის პირველი მეტოქე ჩელსი იქნება.
მერსისაიდელებმა გიორგისთან ერთად უნდა დაასრულონ წარუმატებელი სერია, რომელიც უკვე ორ მატჩამდე გაიზარდა. თავდაპირველად იყო წაგება პრემიერ ლიგაში კრისტალ პალასთან, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე გალათასარაისთან. საინტერესოა, რომ ბრაზილიელი გოლკიპერის არყოფნაში, "წითლების" კარის დარაჯს 8 შეხვედრა ელის.
ენფილდის ბინადრების მოწინააღმდეგეები ამ პერიოდში იქნებიან რეალ მადრიდი, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი და სხვები. იქამდე კი სანაკრებო პაუზაა, რომელშიც 24 წლის კარის დარაჯს ესპანეთისა და თურქეთის ეროვნული გუნდების შეტევების მოგერიება მოუწევს.
შაბათის მატჩის დღე
| 18:00 | არსენალი - ვესტ ჰემი | პრემიერ ლიგა |
| 18:00 | მანჩესტერ იუნაიტედი - სანდერლენდი | პრემიერ ლიგა |
| 19:00 | მეცი - მარსელი | ლიგა 1 |
| 20:00 | ინტერი - კრემონეზე | სერია ა |
| 20:30 | ჩელსი - ლივერპული | პრემიერ ლიგა |
| 20:30 | აინტრახტი - ბაიერნი | ბუნდესლიგა |
| 22:00 | მონპელიე - სენტ-ეტიენი | ლიგა 2 |
| 23:00 | რეალი - ვილიარეალი | ლა ლიგა |









