დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის დარჩენილი კიდევ ორი მატჩი - მადრიდის რეალი საკუთარ კედლებში მიიღებს ლონდონის არსენალს, მიუნხენის ბაიერნი კი მილანის ინტერს ესტუმრება. განვიხილოთ ორივე შეხვედრა.
რეალი V არსენალი (0:3) | 23:00
პირველ მატჩში ვიხილეთ სენსაცია - რეალი არსენალთან 0:3 განადგურდა. მოქმედი ჩემპიონის კარში ორი ჯარიმა გაიტანა დეკლან რაისმა, რომელიც გახდა პირველი მოთამაშე 2 ბურთით სტანდარტიდან მთავარი საკლუბო ტურნირის პლეიოფში. საინტერესოა, რომ ლონდონური კლუბი მადრიდელებისთვის ჯერ კიდევ აუღებელი ციხესიმაგრეა.
სამი მატჩი - ორი მარცხი და ერთი ფრე, ასეთია "სამეფო კლუბის" ურთიერთდაპირისპირებების სტატისტიკა "მეთოფეებთან". რაც შეეხება გუნდების დანაკლისს, "ბლანკოსს" დღეს არ ეყოლებიან დანი კარვახალი, ედერ მილიტაო, ფერლან მენდი, ედუარდო კამავინგა და ანდრეი ლუნინი.
"კანონირები" - ჟორჟინიო ფრელო, გაბრიელ ჟეზუსი, კაი ჰავერცი, გაბრიელ მაგალიაესი, ტაკეჰირო ტომიასუ, რიკარდო კალაფიორი. ასევე საეჭვოა ტომას პარტეისა და ბენ უაითის თამაშიც. აღნიშნულ წყვილში მოგებული მთავარი საკლუბო ტურნირის 1/2 ფინალში პარის სენ-ჟერმენს შეხვდება.
ინტერი V ბაიერნი (2:1) | 23:00
ჩემპიონთა ლიგის წყვილი დრამატული დასასრულით ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში. როგორც გვახსოვს, ლაუტარო მარტინესის გოლს შეხვედრის მიწურულს უპასუხა შეცვლაზე შემოსულმა ტომას მიულერმა, რომელიც ბაიერნში ბოლო სეზონს ატარებს. ინტერის პასუხი იყო მომენტალური: ასევე შეცვლაზე შემოსულმა დავიდე ფრატეზიმ მიუნხენელებს მე-2 ბურთი შეუგდო.
მილანელებმა "რეკორდმაისტერთან" სტუმრად იმარჯვეს მესამედ, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უშუალოდ საკუთარ კედლებში პრინციპულ მეტოქესთან მათ არასდროს მოუგიათ. "ნერაძურიმ" ბავარიელებთან 4/4 შეხვედრა წააგეს. ვნახოთ, რა იქნება დღევანდელ დაპირისპირებაში.
რაც შეეხება დანაკლისს ალიანც არენას ბინადრების მხრიდან - მანუელ ნოიერი, ალფონსო დევისი, ჯამალ მუსიალა, დაიო უპამეკანო, ჰიროკი იტო, ტარეკ ბუშმანი. "გველები": დენზელ დუმფრისი, პიოტრ ჟიელინსკი, ხოაკინ კორეა, ვალენტინ კარბონი. ამ წყვილში მოგებული 1/2 ფინალში ბარსელონას შეხვდება.









