დღეს, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს იქნება 2025 წლის ბოლო საშინაო შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის.
სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის მხოლოდ მიზერული შანსები დაგვრჩა. ჩვენ ესპანეთს და ბულგარეთს უნდა მოვუგოთ, თურქეთმა კი ორივე მატჩი უნდა დათმოს, რისი შანსიც საკმაოდ დაბალია.
მიუხედავად ამისა, ქართველი ფეხბურთელებ მოტივირებულები არიან და მზად არიან, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ტოპ მატჩი აჩვენონ.
ტრავმის გამო ბევრი დანაკლისი გვაქვს. გარდა იმისა, რომ ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე უკვე დიდი ხანია არ ჰყავს, გამოძახებული ფეხბურთელებიდან ჟორჟ მიქაუტაძე, ოთარ კაკაბაძე, გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე გამოგვაკლდა.
დანაკლისი ჰყავს ესპანეთსაც. ბოლო წუთს, ნაკრებიდან ლამინ იამალი ამოვარდა, მიზეზი ტრავმაა, თუმცა უკვე მეორე შეკრებაა ესპანეთი იამალის გარეშე თამაშობს და საკმაოდ წარმატებულადაც.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):"როგორც ბევრჯერ აღვნიშნე, ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ვერ გვექნება ამბიცია, რომ მათზე უკეთ ვითამაშოთ. წინა მატჩში წავაგეთ, თუმცა ყველაზე მეტად გული იმაზე დამწყდა, რომ უემოციოდ და შემართების გარეშე ვითამაშეთ და ეს ყველაფერი ხვალ პირიქით უნდა იყოს. ნაკრებსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს. არის კარგი და ცუდი მომენტებიც. ახლა ცუდი მომენტია და გულშემატკივრის მხრიდან მხოლოდ მხარდაჭერა გვჭირდება."
ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): "ხვალ რთულ მატჩს ველოდები. საქართველოს ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც მაღალ დონეზე თამაშობენ, ამიტომ მათთან თამაში ადვილი არ იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა. ხვალ უნდა გავიმარჯვოთ, თუმცა ამისთვის ბრძოლა და ბევრი სამუშაო იქნება საჭირო. მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა. წინა მატჩი საქართველოსთან მოვიგეთ, თუმცა ვფიქრობ, ხვალ განსხვავებული თამაში იქნება."
ბოლო 5 მატჩი: ესპანეთი-საქართველო 2:0, ესპანეთი-საქართველო 4:1, ესპანეთი-საქართველო 3:1, საქართველო-ესპანეთი 1:7, ესპანეთი-საქართველო 4:0
საქართველო - ესპანეთი
მსოფლიო ჩემპიონატი, საკვალიფიკაციო ეტაპი
15 ნოემბერი, 21:00
დინამო არენა, თბილისი
მთავარი მსაჯი: ბენუა ბასტიანი (საფრანგეთი)
სავარაუდო შემადგენლობა









