დღეს გაიმართება ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის. ეს იქნება 2026 წლის პირველი მატჩი ჩვენი ნაკრებისთვის.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებმა სასურველი შედეგები ვერ აჩვენა და ზედიზედ 4 შეხვედრა წააგო. როგორც ვილი სანიოლი აცხადებს, ეს მატჩები ხასიათის გამოსასწორებელი და სექტემბრისთვის მოსამზადებელი იქნება.
სექტემბერში კი საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალ ციკლს იწყებს, სადაც ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ჩრდ.ირლანდია, უკრაინა და უნგრეთი იქნებიან.
გამოძახებულთა შორის, დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე მიკრო ტრავმების გამო გამოაკლდებათ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოს ნაკრებს ისრაელისთვის უკვე 24 წელია არ მოუგია. ამ საუკუნეში, საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებმა 5 მატჩი გამართეს, საიდანაც 2 ისრაელმა მოიგო, 2 ფრედ დასრულდა, 1 კი საქართველომ.
ისრაელის ნაკრებსაც 4 მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, როცა 2025 წლის ბოლო მატჩში მოლდოვა 4:1 დაამარცხეს.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ნაკრებში ძალიან კარგი და მეგობრული ატმოსფეროა. ერთა ლიგა სექტემბერში იწყება, იქამდე დიდი დროა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ეს მოდუნების საშუალებას იძლევა. ჩემპიონთა ლიგის ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს რომ ვთამაშობდით, გავრისკავდით, მაგრამ ამ შემთხვევაში, სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ გაირკვევა, ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე. ამხანაგურ მატჩში წარმატება თამაშის ხარისხა და დისციპლინაში გამოიხატება. იმედი მაქვს, ყველასთვის სასიკეთო შედეგს დავაფიქსირებთ."
რან ბენ შიმონი (ისრაელის ნაკრების მწვრთნელი): "ორივე ნაკრებისთვის ეს მატჩი მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგურია, ჩვენც და საქართველოც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენი მიზანია, რომ ახალი მოთამაშეები გამოვცადოთ და მომდევნო მატჩებისთვის სწორი სათამაშო სტილი ავარჩიოთ, რათა სასურველ შედეგებს მივაღწიოთ. როგორ უნდა შევაჩეროთ კვარა? - მის გარდა, საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს. კვარა დიდი მოთამაშეა, თუმცა სხვებსაც გამოვარჩევდი - დავითაშვილი, მიქაუტაძე."
საქართველო - ისრაელი
ამხანაგური მატჩი
26 მარტი, 21:00
მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა









