დღეს, ჩვენი დროით 22:00 საათზე გაიმართება საფრანგეთის სუპერ თასის მატჩი - პარის სენ-ჟერმენი ოლიმპიკ მარსელის წინააღმდეგ. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
პსჟ V მარსელი
პარის სენ-ჟერმენმა 2025 წელი დააგვირგვინა ექვსი ტიტულით - ჩემპიონთა ლიგა, ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერ თასი, უეფას სუპერ თასი და საკონტინენტთაშორისო თასი. შარშანდელი სეზონის მსგავსად, წლის პირველი ჯილდოს მოგების შესაძლებლობას სუპერ თასი იძლევა.
ხვიჩა კვარაცხელიას ტიტულების კოლექციაში უკვე არის ყველა ჩამოთვლილი პრიზი, გარდა ერთისა, სწორედ საფრანგეთის სუპერ თასისა. საქმე ისაა, რომ პსჟ-მ მონაკოსთან მოგებით აღნიშნული ჯილდო მოიგო 2025 წლის 5 იანვარს, მაშინ, როცა ქართველი ვინგერი ჯერ კიდევ ნეაპოლში თამაშობდა.
რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, როგორც აღვნიშნეთ, "ლურჯ-წითლებს" საფრანგეთის სუპერ თასის ტიტულში მარსელი ეცილება. რატომ ოლიმპიკი? ლუის ენრიკეს გუნდი არის როგორც ჩემპიონატის, ისე თასის ტრიუმფატორიც და სწორედ ამიტომ, მეტოქის სტატუსი ერგო მას, ვინც შიდა პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 111-ე მატჩი და იქამდე, 53-ჯერ იმარჯვეს პარკ დე პრენსის ბინადრებმა, 36-ჯერ - "თეთრ-ლურჯებმა", 21 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პარის სენ-ჟერმენის მაისურით მარსელს სხვადასხვა დროს გაუტანა 11 ბურთი, რაც რეკორდულ შედეგად რჩება.









