ჯოვანი ლეონის დებიუტი ლივერპულში გამოდგა უიღბლო - ჯვარედინი მყესების გაწყვეტა, ოპერაციის აუცილებლობა და მინიმუმ ექვსი თვით ფეხბურთისგან დასვენება. იტალიელი უკანახაზელის ტრანსფერის შემდეგ, საფეხბურთო სამყაროში ტრიალებდა კითხვა: შეძლებდა თუ არა პარმას ყოფილი მოთამაშე მერსისაიდში "სკუადრა აძურას" წევრებისთვის დამკვიდრებული უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას?
18 წლის ცენტრალური მცველის გამოჩენამდე, "წითლებში" ითამაშა შვიდმა აპენინელმა - ალბერტო აკვილანიმ, მარიო ბალოტელიმ, ფაბიო ბორინიმ, ფედერიკო კიეზამ, ანდრეა დოსენამ, დანიელე პადელიმ და გაბრიელ პალეტამ. ჩამოთვლილი შვიდეულიდან ერთმა მოთამაშემაც კი ვერ შეძლო ენფილდზე მინიმუმ 40 შეხვედრის ჩატარება და თუნდაც 5 ბურთის გატანა.
არნე სლოტის გუნდის მე-15 ნომრის უმძიმესი ტრავმის გათვალისწინებით, რაიმე დამაიმედებელის თქმა ჯერჯერობით მის შესახებაც რთულია. საინტერესოა, რომ ლეონის დაზიანებამ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე თამაშის გზა გაუხსნა ლივერპულის სხვა იტალიელს, კიეზას.
ფედერიკო აღმოჩნდა მერსისაიდელთა ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა, თუმცა ჯოვანის ტრავმამ შემადგენლობაში ვაკანტური გახადა ერთი ადგილი, რომელიც სწორედ ევრო 2020-ის ტრიუმფატორმა ვინგერმა დაიკავა. აქვე დავამატებთ, საუთჰემპტონთან შეხვედრაში "წითლებს" მოაგებინა უგო ეკიტიკემ, რომელსაც ასისტი სწორედ იტალიელმა შემტევმა გაუკეთა.









