როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მოჰამედ სალაჰი ლივერპულს დატოვებს. ამ მომენტისთვის მის ანგარიშზე არის 191 ბურთი ინგლისის ჩემპიონატში: 189 მერსისაიდელთა მაისურით, 2 კი ლონდონის ჩელსიში თამაშის დროს. ეგვიპტელ ფორვარდზე წინ არის მხოლოდ 3 მოთამაშე: ალან შირერი (260 ბურთი), ჰარი კეინი (213 ბურთი) და უეინ რუნი (208 ბურთი).
"წითლების" თავდამსხმელი პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობას ვეღარ მოასწრებს - სეზონის დასრულებამდე დარჩენილია 7 ტური, ნიუკასლის ლეგენდარულ გოლეადორამდე კი მას 69 ბურთი აშორებს. ამის მიუხედავად, ენფილდის ბინადრების მე-11 ნომერი ინგლისს არაერთი მნიშვნელოვანი რეკორდით ტოვებს.
"ფარაონი" 191 გოლით არის პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ლეგიონერებს შორის და მისი უახლოესი მდევარი მოქმედი უცხოელი მოთამაშეებიდან რომელუ ლუკაკუა (121 ბურთი), მაგრამ ის ინგლისის ჩემპიონატში აღარც ასპარეზობს. უშუალოდ ალბიონზე მოთამაშეებს შორის კი 33 წლის ფორვარდთან ყველაზე ახლოს არის ერლინგ ჰოლანდი, 107 ბურთი.
როგორც ვხედავთ, სალაჰსა და ნორვეგიელ თავდამსხმელს შორის სხვაობა ამ მომენტისთვის 84 გოლი არის. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მანჩესტერ სიტის ფორვარდი ეგვიპტელი კონკურენტის რეკორდის დამხობას მომავალში. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ვეტერანი შემტევი ინგლისის ჩემპიონატში უშუალოდ ლივერპულის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორიც არის.









