"როსონერი" 28 წლის მეკარის შენარჩუნებას გეგმავს, მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობენ, რომელიც 2028 წლამდე გახანგრძლივებას მოიაზრებს.
მენიოს წლიური ხელფასი 2.8 მილიონი ევროა, მის აგენტს კი ამ თანხის გაორმაგება სურს. გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რაფაელ ლეაოა, რომელიც წელიწადში 5 მილიონ ევროს იღებს (ბონუსებით ეს თანხა შეიძლება 7 მილიონამდე გაიზარდოს). სწორედ ამდენივე სურს მენიოს აგენტსაც. ისინი ფიქრობენ, რომ მაიკი გუნდისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, როგორც პორტუგალიელი.
მენიოს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წელს უსრულდება, კლუბს კი ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივება სურს. მიზეზი მარტივია, მაიკი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეა და თუ ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება, ევროპის ტოპ კლუბები ზაფხულში ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას შეეცდებიან. მილანი მენიოს გაყიდვას ახლა არ განიხილავს, თუმცა წინა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამ დაგვანახა, რომ კლუბში ხელშეუხებელი არავინაა. თავდაპირველად, ალბათ ვერავინ დაიჯერებდა, რომ ტონალი ნიუკასლში გააგრძელებდა კარიერას, თუმცა ინგლისელები ფეხბურთელის სანაცვლოდ იმდენად დიდ თანხას იხდიდნენ, იტალიელებმა ამ შეთავაზებაზე უარი ვეღარ თქვეს. ხშირად, გუნდს მსხვერპლზე წასვლა უწევს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ამას ყველა წარმატებული და დიდი კლუბი აკეთებს. თუ მენიოს სანაცვლოდ სერიოზული შეთავაზება გაკეთდება, დასაშვებია, რომ ზაფხულში კლუბმა მისი გაყიდვა განიხილოს.
პსჟ-ს და ბაიერნის ინტერესი უკვე დადასტურდა. პარიზელები ყოფილი მილანელის, ჯანლუიჯი დონარუმას პერფორმანსით დიდად კმაყოფილები არ არიან, მიუნხენში კი ნოიერის შემცვლელს ეძებენ. ამ დრომდე არცერთ მათგანთან მოლაპარაკებები არ დაწყებულა, ყველაფერი ჯერ მხოლოდ ინტერესის დონეზეა. მილანი კი აგრძელებს ახალ კონტრაქტზე მუშაობას, ზაფხულამდე დიდი დროა დარჩენილი და უფროსობა ეცდება შეთანხმებას მომდევნო თვეებში მიაღწიოს.
Michele Antonelli © RCS MEDIAGROUP
Serie A
მილანი და მენიო ახალ კონტრაქტზე მუშაობენ









