"სამეფო კლუბის" შემტევი ნახევარმცველი "როსონერიში" დარჩენას მხოლოდ ერთი სეზონით გეგმავდა, თუმცა სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, მისი განათხოვრების პერიოდი დაგეგმილზე უფრო დიდხანს გაგრძელდა. 24 წლის გამთამაშებელი კარგად შეეწყო "შავ-წითელ" გარემოს, მაგრამ მის მთავარ ოცნებად ბერნაბეუზე დაბრუნება რჩებოდა.

კარლო ანჩელოტის გუნდის 21-ე ნომერმა ლომბარდიაში ჩაატარა 126 შეხვედრა და გაიტანა 18 გოლი. სწორედ იტალიური გრანდი იქცა მის სახლად მას შემდეგ, რაც ის ვერ შეეწყო თავდაპირველად "ქალაქელებს", შემდეგ კი 2018-2020 წლების ფორმაციის რეალს. საფეხბურთო სამყაროში არსებობდა მოსაზრება, თითქოს, ბრაჰიმი მადრიდში ახლაც ზედმეტი იქნებოდა.
ყველა საუბრობდა ვინისიუს ჟუნიორისა და როდრიგო გოესის დუეტზე, რომლებსაც მოგვიანებით "ბლანკოსში" ტრიუმფალურად შემოჭრილი ჯუდ ბელინგემიც შეემატა. ესპანელი გამთამაშებელი განიხილებოდა გუნდის დუბლიორად, მაგრამ მიმდინარე სეზონმა აჩვენა, რომ ის არ არის "სამეფო კლუბის" სკამზე მჯდომი რიგითი მოთამაშე, დიასი გაცილებით უფრო სასარგებლო შემსრულებელია.
ანჩელოტის განკარგულებაშია ერთგვარი ჯოკერი, თანაც განსაკუთრებული ფორმატის. ის ეფექტურად იკავებს როგორც ბრაზილიელი თავდამსხმელების, ისე ინგლისელი გამთამაშებლის ადგილსაც, თანაც სასტარტოში. 24 წლის მოთამაშემ ბერნაბეუზე წელს 28 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 8 ბურთი გაიტანა. ცნობისთვის, 7 გოლი რეალის 21-ე ნომერმა სწორედ ძირითადი შემადგენლობიდან გაიტანა.

ბრაჰიმს საამისოდ სულ რაღაც 12 შეხვედრა დასჭირდა. მას არ აქვს ერთი კონკრეტული, გამოკვეთილი პოზიცია, რაც ფეხბურთელის უნივერსალიზმს ხაზს უსვამს. სწორედ მრავალფუნქციურობა იქცა ესპანელი გამთამაშებლის უპირატესობად მადრიდში დაბრუნების შემდეგ. მისი კარგი თამაში არ გამოპარვია ყოფილ თანაგუნდელს სან სიროდან, ტეო ერნანდესს:
"მე და ბრაჰიმმა ერთად ბევრი დრო გავატარეთ. ძალიან მიხარია, რომ რეალში მას საქმეები კარგად მისდის. მან ეს ყველაფერი დაიმსახურა იმ შრომით, რაც საკუთარ თამაშში ჩადო", - განაცხადა ფრანგმა განაპირა მცველმა. ესპანელი გამთამაშებლის პასუხმა არ დააყოვნა: რედ ბულ ლაიპციგთან ჩატარებული ძალიან კარგი მატჩის შემდეგ, მან სტეფანო პიოლის გუნდი მოიკითხა:
"მინდა მადლობა გადავუხადო მილანს, სადაც მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯები გადავდგი. იქ ვიყავი ბედნიერი და ამ გუნდს ახლაც ვგულშემატკივრობ. "როსონერის" ქომაგი ვიქნები მომავალშიც, ეს კლუბი სამუდამოდ ჩემს გულშია. ტეო კი ჩემი მეგობარია და მას დღემდე ვესაუბრები", - განაცხადა დიასმა "შავ-წითლების" შესახებ.










