ყველაზე ძვირადღირებული მოზარდი
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი პარიზში 18 წლის ასაკში გადაბარგდა და მისი ტრანსფერი კლუბს საერთო ჯამში 180 მილიონი ევრო დაუჯდა. საფეხბურთო სამყაროში "მამლების" მე-10 ნომერზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მხოლოდ ნეიმარ ჟუნიორია, რომლის სანაცვლოდ "ლურჯ-წითლებმა" 222 მილიონი გადაიხადეს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი, თუმცა არა გამარჯვებული
პარკ დე პრენსის ბინადრებს ჩემპიონთა ლიგა მოგებული არ აქვთ. მბაპე შვიდი წლის განმავლობაში ცდილობდა ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას, მაგრამ ამაოდ. ფრანგი ფორვარდის მაქსიმუმი ფინალში გასვლა იყო, 2019/20 წლების სეზონში, მაშინ ტომას ტუხელის შეგირდები გადამწყვეტ მატჩში მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდნენ.

პარის სენ-ჟერმენის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი
ამ დროისთვის კილიანს პარის სენ-ჟერმენის მაისურით გატანილი აქვს 255 გოლი, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მან ჩამოიტოვა ისეთი გამორჩეული გოლეადორები, როგორებიც არიან ედი კავანი (200 ბურთი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (156 ბურთი) და მასთან ერთად ერთ დროს გადმოსული ნეიმარიც (118 ბურთი).

მბაპესთან ერთად, პარის სენ-ჟერმენი ლიგა 1-ის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი გახდა
მბაპესთან ერთად, პარის სენ-ჟერმენმა მოიგო ლიგა 1-ის ექვსი ტიტული. საერთო ჯამში დღეს, კლუბის ანგარიშზე არის 12 ჩემპიონობა, რაც საფრანგეთის პირველობის საუკეთესო შედეგია. პსჟ-მ ფრანგ ფორვარდთან ერთად, ჩამოიტოვა მარსელის ოლიმპიკი (10), სენტ-ეტიენი (10), მონაკო (8), ნანტი (8), ლიონის ოლიმპიკი (7) და სხვები.

მუდმივი ფიქრები რეალზე
დიახ, კილიანის პარიზული კარიერა წარმოუდგენელი იყო რეალის გარეშე. ალბათ არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ადრე თუ გვიან, ის მაინც მიაშურებდა მადრიდს. "ლურჯ-წითლების" ფორვარდი ვერც ზღაპრულმა კონტრაქტმა შეაყოვნა, კლუბმა უბრალოდ გადაავადა მისი წასვლა. 2024 წლის დასაწყისში კი უკვე საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ საფრანგეთის ეროვნული გუნდის მე-10 ნომერი პარკ დე პრენსს "სამეფო კლუბზე" გაცვლიდა.












