ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, მიუნხენის ბაიერნი ინტერს ესტუმრა, შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში (4-3) ნერაძური 1/2 ფინალში გავიდა.
1/4 ფინალიდან გამოვარდნის მიუხედავად, დღევანდელი შეხვედრა ბაიერნის შემტევისთვის, ტომას მიულერისთვის განსაკუთრებული გამოდგა — გერმანელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე 163-ე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ლიონელ მესის გაუთანაბრდა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც 183-ჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო აღნიშნულ რეიტინგში 177 მატჩით მეორე ადგილს რეალის კიდევ ერთი ლეგენდა, იკერ კასილასი იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ერთი კლუბის მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობით ტომას მიულერი რეკორდსმენია, რადგან ყველა მატჩი მან მიუნხენის ბაიერნის მაისურით ჩაატარა და მეორე ადგილზე მყოფ ხავის 12 მატჩით უსწრებს.
ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი მატჩი ითამაშეს
| ფეხბურთელი | მატჩი |
| კრიშტიანუ რონალდუ | 183 |
| იკერ კასილასი | 177 |
| ლიონელ მესი | 163 |
| ტომას მიულერი* | 163 |
| კარიმ ბენზემა | 152 |
| ტონი კროოსი | 151 |
| ხავი | 151 |
| მანუელ ნოიერი* | 150 |
| სერხიო რამოსი | 142 |
| რაული | 142 |
| ლუკა მოდრიჩი* | 142 |









