ბოლო დროს ლივერპულის მონაწილეობით მატჩები ერთმანეთის მსგავსი სცენარით ვითარდება - მერსისაიდული გუნდი ინიციატივას საწყის წუთებშივე ეუფლება და დომინაციის ფონზე მარტივად იგებს. ამგვარი იყო შეხვედრა ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზეც. არნე სლოტის გუნდმა მომენტების შექმნა თამაშის სტარტზევე დაიწყო. შედეგს კი 30-ე წუთზე მიაღწია. ცენტრში შემოსული ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის პასს ლუის დიასის სოლო პერფორმანსი მოჰყვა - მცირე გამართლება და ზუსტი დარტყმა, კოლუმბიელმა ლივერპული დააწინაურა.
მოჰამედ სალაჰი რომ მომავალი ოქროს ბურთის ყველაზე რეალური დამსაკუთრებელი ჩანს, ეგვიპტელმა ეს კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა. მე-40 წუთზე მან ჯერ კოდი გაკპოს გაატანინა, 4 წუთის შემდეგ კი ალფონს არეოლას თავადაც შედეგიანად დაურტყა.
მეორე ტაიმში მატჩი მოჩვენებითადაც არ დაძაბულა. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა 54-ე წუთზე ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ინგლისელმა მცველმა გატანა მისთვის რთულ პერიოდში შეძლო, სპეკულაციები არ წყდება მისი მადრიდის რეალში ტრანსფერის შესახებ. ალექსანდერ-არნოლდმა გოლი იმგვარად აღნიშნა, რომ თითქოს ფანებს ჭორების იგნორირების მოუწოდებდა.
საბოლოო ანგარიში ცვლილებაზე შემოსულმა დიოგუ ჟოტამ დააფიქსირა. პორტუგალიელმა მოჰამედ სალაჰს კიდევ ერთი საგოლე გადაცემა ჩაუწერა.
ამ გამარჯვებით ლივერპულს 45 ქულა დაუგროვდა და ლაივ-ცხრილში უახლოეს მდევარ ნოტინგემ ფორესტს 8 ქულით უსწრებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მერსისპირელებს გადადებული დერბის გამო სხვებზე ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული. 2025 წელს არნე სლოტი და კომპანია უპრინციპულეს მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედთან ენფილდური შეხვედრით 5 იანვარს 20:30-ზე გახსნის.









