ზურიკო დავითაშვილი რომ საქართველოს ნაკრებში ყოველთვის გამორჩეულ მატჩებს ატარებს, ახალი ამბავი არ არის. დიდი კონკურენციის გამო, ძირითადად მას შეცვლიდან შემოსვლა და თამაშის გამწვავება უწევდა ხოლმე.
ტრავმიანობის ფონზე, დავითაშვილს თუქრთთან მატჩში შანსი მიეცა და სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. ზურიკომ იმედები გაამართლა და ჩვენი ნაკრებიდან მოედანზე საუკეთესო იყო.
მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საფრანგეთის ლიგა 2 მისი დონე არ არის და უფრო ძლიერ ჩემპიონატს და გუნდს იმსახურებს.
სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. შესაბამისად, ყველაზე რეალურ ვარიანტად ზურიკოს ბეშიქთაშში გადასვლა განიხილება. მოგეხსენებათ, თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 12 სექტემბერს იხურება. თურქული კლუბი მზადაა, რომ სტ.ეტიენს კიდევ ერთი შეთავაზება გაუკეთოს.
ყველაზე კარგი ისაა, რომ თურქებმა დავითაშვილი უშუალოდ საქმეში თავიანთი თვალით იხილეს და ისიც ნახეს, როგორი პერფორმანსი ჰქონდა ზურიკოს მისი პოტენციური მეტოქეების წინააღმდეგ.
ბეშქითაშის გულშემატკივრები ქართველის თამაშით აღფრთოვანდნენ და ახლავე ითხოვენ, რომ დავითაშვილი მათ გუნდში იხილონ.
"დავითაშვილმა საოცრად ითამაშა. გარდა გოლისა, მან ბევრი დრიბლინგი გააკეთა, იბრძოდა და ყველაზე სასარგებლო მოთამაშე იყო. ახლავე მოიყვანეთ ის ჩვენთან", - წერენ სოციალურ ქსელში.
დავითაშვილის თამაშს ერთ-ერთი თურქი ჟურნალისტი და ექსპერტი თურგაი დერმირი ეხმაურება:
"საქართველო საკმაოდ ნაკრები ნაკრებია. განსაკუთრებით, ორ ფეხბურთელს გამოვარჩევდი - დავითაშვილს და მიქაუტაძეს. ისინი მეტოქეს მთელი თამაში აპრესინგებდნენ და მონტელას დიდი შეცდომა იყო, რომ 3:0-ის შემდეგ, გუნდი დაცვაში ჩაჯდა"
ზურიკო თავს ბულგარეთთანაც გამოიჩენს. მხარეებს კი ერთი კვირა აქვთ, რომ იმაზე შეთანხმდნენ, რაც დავითაშვილისთვისაც და კლუბისთვისაც სარფიანი იქნება.









