ჟერომ ბოატენგმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა გასული სეზონის ბოლოს, რის შემდეგაც მის გეგმებში მწვრთნელობის დაწყება იყო. გერმანელ ყოფილ უკანახაზელს უნდა გაევლო ერთკვირიანი სტაჟირება მიუნხენის ბაიერნში, ვენსან კომპანის გვერდით, მაგრამ კლუბის ფანები მისი დაბრუნების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
დორტმუნდის ბორუსიასთან მატჩის დროს "რეკორდმაისტერის" გულშემატკივრებმა გამოფინეს ბანერები, წარწერით - "ის, ვინც აძლევს შანსს დამნაშავეს, ასევე დამნაშავეა!". "ჩვენს კლუბში მორალური ღორებისთვის ადგილი არ არის!". "არ გვჭირდებიან მოძალადეები, ბოატენგ, გაეთრიე!".
ამ ყველაფრის მიზეზი არის ბრალდებები, რომელიც უკვე წლებია, რაც ალიანც არენას ბინადრების ყოფილი მცველის გარშემო ტრიალებს. 2021 წელს თავი მოიკლა ბაიერნის ყოფილი მე-17 ნომრის შეყვარებულმა, კასია ლენხარდტმა და აღმოჩნდა, რომ 10 დღით ადრე, წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
გერმანელ ყოფილ მცველს გოგონას სუიციდამდე მიყვანაში სდებდნენ ბრალს. ამის გარდა, მას უჩივლა ყოფილმა მეუღლემ, შერინ ზენლერმა, რომელმაც განაცხადა, რომ ჟერომი მასზე პერიოდულად ძალადობდა. პირველ შემთხვევაში ის სცნეს უდანაშაულოდ მტკიცებულებების არ არსებობის გამო, მეორე შემთხვევაში კი მიუნხენელთა ყოფილმა უკანახაზელმა ფულადი ჯარიმა გადაიხადა.









