დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს გასვლაზე, ქალაქ ტენერიფეში, ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ჩვენმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საკმაოდ მძიმე მარცხი განიცადა და უკრაინასთან, საკუთარ კედლებში, 79-92 დამარაცხდა. იმის მიუხედავად, რომ ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა და მატჩის საკმაოდ დიდ ნაწილსაც იგებდა, საბოლოო ჯამში სტუმრებმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.
საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების მომდევნო მეტოქე საკმაოდ ძლიერია და იმის მიუხედავად, რომ ესპანეთსაც ბევრი წამყვანი მოთამაშე აკლია, საკუთარ მოედანზე მაინც ფავორიტია. შეგახსენებთ, ესპანეთმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დანია გასვლაზე, საკმაოდ მძიმე ბრძოლაში, 64-74 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ზემოხსენებული მატჩისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი უკვე ცნობილია: რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, სანდრო სანაძე, მათე ხატიაშვილი.
ესპანეთთან მატჩი გამორჩეული იქნება ვეტერანი კალათბურთელისთვის გიორგი შერმადინისთვის, რომელიც ეროვნული ნაკრების მაისურით ბოლოჯერ ითამაშებს. ქართველი ცენტრი ეროვნულ გუნდში პირველად 2006 წელს ლუქსემბურგთან გამოჩნდა, მას მერე, ნაკრებს თითქმის 20 წელი ეხმარებოდა, ესპანეთთან თამაში კი მისთვის რიგით 202-ე იქნება.
ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხაიმე ფერნანდესი ტრავმის გამო საქართველოს წინააღმდეგ არ ითამაშებს, ინფორმაცია ესპანეთის კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
გთავაზობთ ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების განაცხადს საქართველოსთან მატჩისთვის:
"უკრაინასთან მარცხმა მეტოქე კიდევ უფრო მოტივირებული და საშიში გახადა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გუნდმა ბოლო ევროპის ჩემპიონატზე გვაჯობა.
მათ რიგებში არიან მოთამაშეები, რომელთაც ესპანელი გულშემატკივრები შესანიშნავად იცნობენ. ჩვენც კარგად მოგვეხსენება მათი რეალური შესაძლებლობები.
დარწმუნებული ვარ, თუ გამარჯვება გვინდა, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ", - განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
გაგაცნობთ მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფორმატს: პირველ ჯგუფურ ეტაპზე 2 წრე ჩატარდება და საუკეთესო 3 ნაკრები მომდევნო (ჯგუფურ) ეტაპზე გავა, სადაც ასევე 3 საუკეთერსო სხვა ჯგუფიდან (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) გადმოვა და შედგება 6-გუნდიანი ჯგუფი. პირველი ეტაპზე ერთმანეთში ნაჩვენები შედეგები გუნდებს მე-2 ჯგუფში გადაჰყვებათ და იქ მხოლოდ იმ გუნდებს შეხვდებიან, რომლებთანაც მანამდე არ უთამაშიათ (მატჩები 2026 წლის აგვისტო-ნოემბერში და 2027 წლის თებერვალში ჩატარდება). საბოლოო ჯამში, ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები (ჯამში 12) მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.
სტატიის ბოლოში კიდევ ერთხელ შეგახსენებეთ, რომ ესპანეთთან მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.









