მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენი ბაიერნ მიუნხენს დაუპირისპირდება. ისტორიას ახსოვს 3 ქართველი მოთამაშე, რომელმაც "რეკორდმაისტერის" კარის აღება შეძლო. პირველ რიგში გამოსარჩევია ლევან კობიაშვილი, რომელმაც ალიანც არენას ბინადრებს 2 ბურთი შეუგდო.
ქართველმა ნახევარმცველმა ბაიერნს გაუტანა როგორც ფრაიბურგის, ისე გელზენკირხენის შალკეს ფეხბურთელის რანგში, 2000 და 2006 წლებში. "მაღაროელთა" ყოფილი შუახაზელის გარდა, მიუნხენელების კარი აუღიათ კახა კალაძესა და გიორგი დემეტრაძეს, თანაც ერთ შეხვედრაში!
ეს მოხდა 2000 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელზეც "რეკორდმაისტერი" კიევის დინამოსთან 0:2 დამარცხდა. სტეფან ვესელსის კარი სწორედ ქართველმა მოთამაშეებმა აიღეს. ვნახოთ, შეუერთდება თუ არა მათ რიცხვს პსჟ-ს ვინგერიც.









