უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ გიორგი ჩაკვეტაძის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ აპრილში მიღებული ტრავმის შემდეგ, ქართველი ფლეიმეიქერი მოედანზე არ გამოსულა. ვარჯიშის განახლება მან უკვე შეძლო, მაგრამ ესპანელი თავკაცი "ყვითლების" შუახაზელის გამოყენებას ჯერ არ ჩქარობს.
"ჩაკვეტაძე პროგრესირებს, მაგრამ ფორმაში შესასვლელად მას დრო სჭირდება. ის დიდი ხანია უკვე მოედნის მიღმაა, აქედან გამომდინარე, გიორგისთან მიმართებაში მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. ცხადია, მის დაბრუნებას ველით მოუთმენლად, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ უნდა ვიჩქაროთ."
ჩემპიონშიპში ჩატარებული 15 ტურის შემდეგ, ჰერტფორდშირელები 20 ქულით მე-15 ადგილზე არიან. პრემიერ ლიგაში ასაღზევებელ პლიოფამდე ვიკარიჯ როუდის ბინადრებს 5 ქულა აშორებთ. რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, ეს იქნება დერბი ქაუნთი, 22 ნოემბერს დაგეგმილ მატჩში.









