მადრიდის რეალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, თავის კარიერაში ყველაზე მძიმე მარცხი გაიხსენა. საუბარია 2011/2012 წლების ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის შესახებ, რომელშიც "სამეფო კლუბმა" 11-მეტრიანებში მიუნხენის ბაიერნთან წააგო. პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა აღნიშნა, რომ მან ცრემლებიც კი ვერ შეიკავა.
"ყველაზე მტკივნეული მარცხი? - 2012 წლის ნახევარფინალი ბაიერნთან, პენალტების სერია. თერთმეტმეტრიანი გააფუჭეს რონალდუმ, კაკამ და რამოსმა - ფეხბურთის მონსტრებმა, მაგრამ, პირველ რიგში, ადამიანებმა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც წაგების შემდეგ, ცრემლებიც ვერ შევიკავე. საშინელი იმედგაცრუება ვიგრძენი.
რეალი იმ სეზონში საუკეთესო იყო და ჩემი აზრით, ფინალში ჩელსისთანაც გავიმარჯვებდით", - განაცხადა "ბლანკოსის" ყოფილმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, მოურინიოს გუნდისა და მიუნხენელების 1/2 ფინალის პარალელურად, ლონდონელებმა დაამარცხეს ბარსელონა, შემდეგ კი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასსაც დაეუფლნენ.











