LaGazzetta.ge-მ მოიპოვა ინფორმაცია იმ უცხოელი მწვრთნელების შესახებ, რომლის დანიშვნასაც ტორპედო აქტიურად განიხილავს.
დირკ შუსტერი
56 წლის გერმანელ სპეციალისტს ბუნდესლიგაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. თავის დროზე ის აუგსბურგის მთავარი მწვრთნელი იყო და უშუალო წვლილი მიუძღვის დარმშტადტის აღზევებაში. ეს გუნდი გერმანიის უმაღლეს დივიზიონში სწორედ შუსტერის მწვრთნელობის დროს ავიდა. ბოლოს ის კაიზერსლაუტერნის თავკაცი იყო. 2016 წელს ის ბუნდესლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.
რიკარდო ფორმოსინიო
ამ სპეციალისტს თავისი კარიერის განმავლობაში უამრავ კლუბში უმუშავია, მათ შორის პორტუგალიის უმაღლესი ლიგის გუნდებშიც. 68 წლის მწვრთნელი უკვე წლებია ჟოზე მოურინიოს თანაშემწეა. რიკარდო და ჟოზე ერთად მანჩესტერ იუნაიტედში და ტოტენჰემში მუშაობდნენ, ამჟამად კი ფენერბაჰჩეს უდგანან სათავეში.

სრდან ბლაგოიევიჩი
51 წლის სპეციალისტი სხვადასხვა სერბული და ყაზახური გუნდების მთავარი მწვრთნელი იყო. სერბი ბლაგოიევიჩი ბოლოს დებრეცენში მუშაობდა. ის ასტანას მთავარ გუნდს 2021 წელს ხელმძღვანელობდა. მისი ხელმძღვანელობით ასტანა სატურნირო ცხრილში ლიდერი იყო და ასევე ყაზახეთის თასის ნახევარფინალში გავიდა. ბლაგოიევიჩი შემტევი სტილის ტაქტიკით გამოირჩევა.
ნიკოლა იურჩევიჩი
იურჩევიჩს ზურგს დიდი საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერა უმაგრებს. წლების განმავლობაში ის ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი იყო, სამწვრთნელო საქმიანობაში კი 6 წელი ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო, შემდეგ დინამო ზაგრების მთავარი მწვრთნელი, ბოლოს კი აზერბაიჯანისა და ლიბანის ნაკრებებს თავკაცობდა. იურჩევიჩი ვესტ ჰემში ბილიჩის თანაშემწედ მუშაობდა.

სლავიშა იოკანოვიჩი
ლონდონის ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი ძირითადად ინგლისურ კლუბებში მუშაობდა. ფულჰემში, უოტფორდსა და შეფილდში ყოფნის დროს, სერბი სპეციალისტი რამდენჯერმე გახდა ჩემპიონშიფის თვის საუკეთესო მწვრთნელი. იოკანოვიჩი გასულ წელს დინამო მოსკოვის მთავარი მწვრთნელი იყო.
ტორპედო კიდევ განიხილავს რამდენიმე კანდიდატურას და ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია. სიახლეებს ფეხბურთელების დამატების შესახებ, უახლოეს მომავალში მოგაწვდით.










