მილანის ინტერის ყოფილ მცველს, ლუსიო და სილვას უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. ვეტერანი ფეხბურთელის სახლში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც ყოფილმა ბრაზილიელმა უკანახაზელმა მრავლობითი დამწვრობა მიიღო. ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და რეანიმაციაში მოათავსეს.
"ნერაძურის" ვეტერანი მცველის მდგომარეობა ახლა სტაბილურია, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ის ინტენსიურ მკურნალობას გადის. სამედიცინო პერსონალის თქმით, ბრაზილიის ეროვნული გუნდის ყოფილი მე-3 ნომერი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოწერენ 47 წლის ვეტერან უკანახაზელს.
შეგახსენებთ, რომ ინტერის გარდა, ლუსიო სხვადასხვა დროს თამაშობდა მიუნხენის ბაიერნში, ტურინის იუვენტუსსა და ლევერკუზენის ბაიერში. ყოფილმა ბრაზილიელმა უკანახაზელმა "სელესაოსთან" ერთად 2002 წელს მოიგო მუნდიალი, 2010-ში კი მილანელებთან ერთად, ტრებლი.
და სილვამ სანაკრებო კარიერის განმავლობაში "პენტაკამპეონეში" ჩაატარა 105 მატჩი, მასზე მეტი კეპი აქვს მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს - მარკოს კაფუს, ნეიმარ ჟუნიორს, დანი ალვეშს, რობერტო კარლოსსა და ტიაგო სილვას.









