ჩემპიონთა ლიგის ფაზის დასრულებამდე დარჩენილია ერთი ტური. განვიხილოთ, მთავარი ინტრიგა, თუ რას უნდა ველოდოთ დასკვნითი მატჩის დღისგან. შეგახსენებთ, მე-8 ტურის ყველა შეხვედრა გაიმართება ერთ დღესა და ერთ დროს, 28 იანვარს, 23:55 საათზე.
ტოპ 8
როგორც ვიცით, პირდაპირ მერვედფინალში რვა საუკეთესო გუნდი ხვდება. უკანასკნელი ტურისთვის პლეიოფის საგზური გაინაღდა მხოლოდ 2-მა კლუბმა: ლონდონის არსენალმა და მიუნხენის ბაიერნმა. ტოპ 8-ში ასევე არიან რეალი, ლივერპული, ტოტენჰემი, პარის სენ-ჟერმენი, ნიუკასლი და ჩელსი, მაგრამ მათ 1/8 ფინალის საგზური ჯერ არ გაუფორმებიათ.
რაც შეეხებათ გუნდებს, რომლებიც არიან რვა საუკეთესოს შორის მიღმა, თუმცა 24-ეულიდან ამოვარდნა არ ემუქრებათ - ბარსელონა, სპორტინგი, მანჩესტერ სიტი, ატლეტიკო, ატალანტა, ინტერი და იუვენტუსი. აღნიშნული კლუბები მინიმუმ პლეი-ინს აუცილებლად ითამაშებენ.
გუნდები, რომლებმაც დაკარგეს 24 საუკეთესოს შორის მოხვედრის თეორიული შანსიც კი - აინტრახტი, სლავია, ვილიარეალი და ქაირათი. ამ ოთხეულის გარდა, ყველა დანარჩენი 32 კლუბი მინიმუმ 24-ეულში მოხვედრასა და პლეი-ინში თამაშს, ასევე პირდაპირ 1/8 ფინალში გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.
ნაპოლი 24 საუკეთესოს შორის მიღმა?!
ჩემპიონთა ლიგის ფაზის უკანასკნელი ტურის წინ, ნაპოლი 24 საუკეთესოს შორის არ არის. სერია ა-ს ჩემპიონი რვა ქულით არის 25-ე ადგილზე და პლეი-ინში თამაშის შანსს ინარჩუნებს. "პარტენოპეი" დგას ურთულესი მისიის წინაშე, იმის გათვალისწინებით, რომ შინ მოწინააღმდეგე ჩელსი იქნება.
ლონდონური გუნდი, როგორც აღვნიშნეთ, მერვედფინალში პირდაპირი მოხვედრისთვის იბრძვის. ეს მატჩი ორმაგად პრინციპული იქნება "აძურის" დამრიგებლისთვის, ანტონიო კონტესთვის, რომელიც წლების წინ, "არისტოკრატებთან" ერთად ინგლისის ჩემპიონი გამხდარა. ცალკე გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ ევროსარბიელი იტალიელი ტაქტიკოსის მთავარი სუსტი წერტილია.
არსენალი - რეკორდთან ერთ ნაბიჯში
არსენალს ამ მომენტისთვის აქვს 100-პროცენტიანი შედეგი - შვიდიდან შვიდი გამარჯვება. ჩემპიონთა ლიგის ფაზის ლიდერის წარმატებული სვლა უდიდესი ალბათობით გაიზრდება 8 მოგებამდეც, იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონელთა მოწინააღმდეგე ბოლო ტურში იქნება ტურნირის ყველაზე სუსტი გუნდი, ბოლოადგილოსანი ქაირათი.
რვიდან რვა გამარჯვებასთან გასულ სეზონში ახლოს იყო ლივერპული, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფაზის უკანასკნელ ტურში მას პსვ ეინდჰოვენმა მოუგო. მერსისაიდელთა 8/8 არ შედგა, "მეთოფეებს" კი რეკორდის დამყარების ძალიან კარგი შანსი აქვთ. აქვე დავამატებთ, ემირეიტსის ბინადრები ინგლისის ჩემპიონატსაც ლიდერობენ.









