თუმცა რა ხდებოდა საქართველოში, როცა ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო? - ტრავმის მიღების წამიდან, მთავარი მწვრთნელის სასიხარულო კომენტარამდე 1 საათიანი შუალედი იყო და ამ 1 საათში მთელი ქვეყანა დადუმდა.
სოციალურ ქსელებში ყველა ამ ფაქტზე საუბრობდა და უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ჩაკვეტაძის ტრავმა მძიმე იყო და ყველაფერი დასრულდა. კლევერლიმ კი თქვა, რომ სერიოზული არაფერია და ყველაფერი კარგადაა.
რატომ არის ასეთი სანერვიულო და რა დგას ამ ტრავმის უკან?
გზა, რომელიც ჩაკვეტაძემ თავის კარიერაში გაიარა, გმირობის ტოლფასია. 2019 წელს ის სასწაულ ფორმაში იყო, საქართველოს გამორჩეულ ტალანტად ითვლებოდა და გენტში წავიდა, სადაც ტრავმა მიიღო, არ უმკურნალეს და მისი კარიერა უკან-უკან მიდიოდა. ფაქტობრივად, ჩაკვეს 2 წელი ფეხბურთი არ უთამაშია.

მსგავსი ისტორიები ქართველ ფეხბურთელებზე ბევრჯერ გვსმენია და ხშირ შემთხვევაში, ამ მოთამაშეებს დიდი ფეხბურთი აღარ უთამაშიათ, თუმცა ჩაკვეტაძემ თავისი მონდომებით და მოთმინებით კარიერა შემოატრიალა, დაბრუნდა თან ისე, რომ მთელი ევროპა აალაპარაკა. ამ სირთულეების შემდეგ, დღეს ჩაკვე საუკეთესო ფორმაშია და ლიდერია როგორც ეროვნული ნაკრების, ისე უოტფორდის.
ქართველი შემტევი ჯერ სლოვანში წავიდა, სადაც ვლადიმირ ვაისის დახმარებით ფორმა აღიდგინა, შემდეგ კი უოტფორდში საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში ჩადგა და უამრავი ის კომპონენტი დახვეწა, რაც აქამდე არ ჰქონდა. მაგალითად, ართმევები და დაცვაში თამაში. ამ ასპექტში ის ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
დღევანდელი კადრების შემდეგ კი ქართველ გულშემატკივარს თვალწინ სწორედ ის ისტორია გადაეშალა, რაც ზემოთ მოვყევით. ყველა ქართველი ფეხბურთელის ტრავმა სანერვიულოა, თუმცა ამ მხრივ, ჩაკვეტაძის მიმართ ყურადღება ორმაგია. დიდი ხნის შემდეგ, ჩაკვემ ტრავმის შიში დაძლია და ორთაბრძოლებში შედის. მან ხომ მომავალში კიდევ უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და კიდევ გაგვაოცოს.
ყველაფერი კარგადაა - მატჩის შემდეგ, ჩაკვე გასახდელიდან სიცილით გამოვიდა. ჩვენ კი გვანერვიულა. მან მოედნიდან გასვლამდე საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო და მატჩის შემდეგ ისეთივე ბედნიერი სახით იყო, როგორსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ ხოლმე.












