ამსტერდამის აიაქსში კვლავ სამწვრთნელო გადაადგილება არის. ცოტა ხნის წინ, ერედივიზიონის კლუბმა გაათავისუფლა ჯონ ჰეიტინგა, რომელთან ერთადაც მიმდინარე სეზონი დაიწყო. "ებრაელებს"დროებით უთავკაცებს ფრედ გრიმი, იქამდე, სანამ კლუბში ახალი, სრულფასოვანი თავკაცი არ მივა.
ეს არის რიგით მერვე სამწვრთნელო გადაადგილება უკანასკნელ სამ წელიწადში, მას შემდეგ, რაც იოჰან კრუიფ არენა ერიკ ტენ ჰაგმა დატოვა. ნიდერლანდელი თავკაცის წასვლის შემდეგ, აიაქსში უმუშავიათ ალფრედ შროიდერს, ჯონ ჰეიტინგას (დროებითი დამრიგებელი), მორის სტაინს, ჰედვიგეს მადუროს (დროებითი დამრიგებელი), ჯონ ვან'ტ სხიპსა (დროებითი დამრიგებელი) და ფრანჩესკო ფარიოლის.
ასე იყო გასულ სეზონამდე, წელს კი როგორც აღვნიშნეთ, ამსტერდამელებმა კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს ჰეიტინგა, მის ნაცვლად კი დროებით გრიმი იმუშავებს. თავკაცების ხშირი ცვლილება ცხადია უარყოფითად მოქმედებს "ებრაელთა" შედეგებზეც, ერედივიზიის კლუბი უკვე 3 სეზონია ვერ ახერხებს ჩემპიონობას.
სამწუხაროა, რომ იგივე პრობლემას შეეწირა გიორგი მიქაუტაძის კარიერა იოჰან კრუიფ არენაზე, სადაც მას სულ რაღაც ნახევარი სეზონის შუალედში 4 თავკაცთან მოუწია მუშაობა. აიაქსის დამრიგებლებმა ვერ შეძლეს ახალწვეული ქართველი ფორვარდის სწორად გამოყენება და იანვარში მას მეცში დაბრუნება მოუწია.
რა მოხდა შემდეგ? ვილიარეალის თავდამსხმელმა გაიბრწყინა ევროპის ჩემპიონატზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ლა ლიგაში, ლიგა 1-სა და ევროპა ლიგაზე, ამსტერდამში კი კრიზისი გრძელდება. საინტერესოა, რომ 20 იანვარს, ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე "ყვითლების" მე-9 ნომერს სწორედ "ებრაელებთან" მოუწევს შეხვედრა.









