როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ჩავი ერნანდესი ბარსელონას მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს. პრესაში აქტიურად იწერება მისი შემცვლელების შესახებ და ყველაზე აქტუალურ კანდიდატად ამ დროისთვის ითვლებოდა ბოლონიას დამრიგებელი, ტიაგო მოტა.
აღნიშნულ თემაზე თავისი ვერსია აქვს Diario Sport-ს, რომლის მტკიცებითაც, კატალონიაში ლუის ენრიკეს დაბრუნების საკითხს განიხილავენ. უფრო კონკრეტულად კი მისი კანდიდატურა ძალიან დიდი პოპულარობით კლუბის მოთამაშეებს შორის სარგებლობს. შეგახსენებთ, ესპანელი ამჟამად პარი სენ-ჟერმენში მუშაობს.
"ბლაუგრანასთვის" პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მისი კონტრაქტი ამჟამინდელ გუნდთან გათვლილია 2025 წლამდე და პსჟ თავის მთავარ მწვრთნელთან განშორებას ჯერ არ აპირებს. ცნობილი ფაქტია, რომ თავად სპეციალისტს თავის ექს-კლუბში დაბრუნების სურვილი წარსულში არაერთხელ გამოუთქვამს.
შეგახსენებთ, 53-წლის მწვრთნელი კამპ ნოუზე მუშაობდა 2014-2017 წლებში და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ცხრა ტიტულის მოგება მოახერხა. ენრიკეს აქტივშია კლუბისთვის ისტორიული ტრებლი, 2014-2015 წლების სეზონში ტრიუმფი ჩემპიონთა ლიგაზე, პრიმერა დივიზიონში და კოპა დელ რეიზე.









