ედინ ჯეკოს 2026 წელი ჰგავს ზღაპარს - სერია ა-ში წარუმატებელი დაბრუნების შემდეგ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ის ფლორენციის ფიორენტინადან გადაბარგდა გელზენკირხენის შალკეში, რომლის შემადგენლობაში მან 8 შეხვედრაში მოასწრო 6 ბურთის გატანა და 3 ასისტის გაფორმება.
ბოსნიელმა თავდამსხმელმა "მაღაროელებში" გადასვლისთანავე დაამყარა რეკორდი - სადებიუტო მატჩში კაიზერსლაუტერნის წინააღმდეგ გატანილი ბურთით, ის გახდა ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი გერმანიის მე-2 ლიგის ისტორიაში. ფელტინს არენას ბინადრების ფორვარდი იმ მომენტისთვის 39 წლის, 10 თვისა და 8 დღის იყო.
"წითლების" წინააღმდეგ გატანილი გოლის შემდეგ, მირონ მუსლიჩის გუნდის ათიანმა მეტოქეების კარი აიღო კიდევ ხუთჯერ, რითაც თავისი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა. შალკე "გედთან" ერთად გერმანიის მე-2 ლიგაში 52 ქულით არის პირველ პოზიციაზე, რითაც აღზევების მთავარი კანდიდატიც არის.
ცალკე გამოსარჩევია 40 წლის თავდამსხმელის მიღწევები საერთაშორისო ასპარეზზე - მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალი უელსის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, რომელშიც ბოსნია აგებდა 86-ე წუთამდე, მაგრამ ვეტერანი ფორვარდის ბურთით თამაშში დაბრუნდა და 11-მეტრიანების სერიაში მოგებულიც გამოვიდა.
ჯეკოს დამსახურებით ბალკანელები გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის ფინალში, სადაც ტურნირზე მოსახვედრი ერთი ვაკანტური პოზიციისთვის იტალიის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ბოსნიელი ფორვარდი საქმის ბოლომდე მიყვანას, როგორც გელზენკირხენში, ისე "დრაკონებშიც".









