მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმოში დომინირება "ლურჯებზე" უკეთ არავის გამოსდის, თუმცა გუშინ, "ბლანკოსის" კარში სამივე გოლი საჯარიმოს გარედან გავიდა. ბერნარდო სილვას ეშმაკობა, შემდეგ კი ფილ ფოდენისა და იოშკო გვარდიოლის ყუმბარისებული გასროლები, ყველაფერი ეს საჯარიმოს გარედან იყო.

კარლო ანჩელოტის გუნდს სულ რაღაც 126 წამი ეყო ხოსეპ გვარდიოლას გაოგნებისთვის, თუმცა თამაშში დაბრუნება მოგვიანებით სტუმრებმაც მოახერხეს. ეს იყო უხვგოლიანი მატჩი, სადაც ტოპ 3 გოლის ამორჩევაც კი გაგვიჭირდება იმის გათვალისწინებით, რომ ექვსივე ერთმანეთზე ლამაზი გოლი გავიდა.
ეს იყო შეხვედრა, რომელშიც თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინეს როგორც ვეტერანებმა, ისე ახალგაზრდა ფეხბურთელებმაც. ლუკა მოდრიჩს ეყო სულ რაღაც 7 წუთი და ბურთთან 10 შეხება იმისთვის, რომ მოედნის ცენტრში ჯადოქრობა ჩაედინა. გაიხსენეთ ბერნაბეუს ბინადრების მე-3 ბურთი, ის შეტევა სწორედ ხორვატმა გამთამაშებელმა დაიწყო.

უნდა გამოვარჩიოთ რეალის კიდევ ერთი ვეტერანი, ტონი კროოსი, რომლის გადაცემათა სიზუსტე 96%-ს შეადგენდა. ხოლო ახალგაზრდების შედეგები - ფედერიკო ვალვერდეს, ფილ ფოდენისა და როდრიგო გოესის ეფექტური გოლები, ვინისიუსი ჟუნიორის ორი ასისტი, ეს ყველაფერი უბრალოდ შთამბეჭდავია, ფეხბურთი საიმედო ხელშია.
მართალია, მათი შესრულებით იყო რამდენიმე არაფრისმომცემი ფინტიც, თუმცა გუშინდელ შეხვედრას ეს დეტალიც ამშვენებდა. თამაშის დაწყებამდე, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო ერლინგ ჰოლანდისა და ჯუდ ბელინგემის გარშემო, მაგრამ ისინი დანარჩენების ჩრდილში აღმოჩნდნენ. ობიექტურად, ნორვეგიელმა ფორვარდმა კიდევ ერთი დიდი მატჩი ჩააგდო.
ერთი სიტყვით, ნაადრევმა ფინალმა გაამართლა, თანაც ისე რომ სიტუაცია დამატებით დროსა და პენალტების სერიას ითხოვდა. საინტერესოა, რა იქნება საპასუხო მატჩში. თუ მადრიდელთა და ეტიჰადელთა დაპირისპირება არის ფილმი, მაშინ სამყარო ითხოვს მეორე ნაწილსაც, რადგან მხოლოდ 90 წუთი ამ ისტორიის დასრულებისთვის არ კმარა.












