კაკაბაძე ეროვნულ ნაკრებში 2015 წლიდან ირიცხება და უკვე 9 წელზე მეტია, ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე შეუცვლელი ფიგურაა.
LaGazzetta.ge-სთან კაკაბაძემ ეროვნული ნაკრების წარმატებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. საუბარი ახლახანს დასრულებული ერთა ლიგის მატჩებით დავიწყეთ.
– "ასეთი წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, "მადაზე" მოვედით და დავიჯერეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ყველასთან მოგება შეუძლია. ამ სანაკრებო შესვენებაზე ეს ყველაფერი დავამტკიცეთ. ჩეხეთთან ასეთ დომინანტობას არავინ ელოდა, თუმცა საოცარი თამაში ვაჩვენეთ და მოვიგეთ. ალბანეთში კიდევ უფრო რთული გამარჯვება მოვიპოვეთ."
"საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ. ეს სიყვარული ფეხბურთის მიმართ ყოველთვის იგრძნობოდა და წნეხიც იყო. კარგ დღეებამდე, რთული პერიოდი გამოვიარეთ და იქიდანვე ჩანდა, თუ რა დამოკიდებულება იყო ხალხის მხრიდან ფეხბურთისადმი. როცა ვხედავთ, როგორ ვაბედნიერებთ ხალხს, ეს ჩვენთვის ორმაგი მოტივაციაა. ჩვენს ქვეყანაში უკვე ყოველი გამარჯვება ზეიმია. არასდროს დამავიწყდება რა ხდებოდა ქვეყანაში, როცა ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დავბრუნდით. მთელი ქალაქი გარეთ იყო".
– შენ ხარ ის იშვიათი ფეხბურთელი, რომელმაც თაობათა ცვლას საკუთარი თვალებით უყურა. გაიხსენე გზა რთული პერიოდიდან დღემდე. რა შეიცვალა?
– "ისტორიულ წარმატებასთან ახლოს 4 წლის წინაც ვიყავით, თუმცა ბევრ რამეში არ გაგვიმართლა. იმის შემდეგ იყო თაობათა ცვლა, მწვრთელის ცვლილება. ისე დაემთხვა, რომ წელს ამ მნიშვნელოვან თამაშებს ყველა თავისი ფორმის პიკში შეხვდა და ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა. გახსოვთ, რა რთული პერიოდი იდგა ნაკრებში. ალბათ, იმ რთული პერიოდის გამოცდილებამ, ჩვენს თავებში ჩაგვახედა და სწორი დასკვნები გავაკეთეთ".
– გადახვევა ევროპის ჩემპიონატისკენ და არაპროგნოზირებადი ნიკო უილიამსი...
– "თქვენს მსგავსად, ევროპის ყველა ჩემპიონატს ტელევიზორიდან მეც ვუყურებდი და მოუთმენლად ველოდი ხოლმე, ახლა კი უშუალოდ მომიწია იქ ყოფნა. ასეთ დონეზე, ასეთი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაში, მართლაც უმაღლესი მწვერვალია, თუმცა მათთან დაპირისპირება გამიადვილდა, რადგან ნაკრებში შეთაბაშებულები ვართ, ერთმანეთს კარგად ვაზღვევთ და ეს დიდი კომფორტია. ნიკო უილიამსის აყვანა მომიწია და საოცარი ფეხბურთელია. ახლოს მიხვალ და ზურგს უკან გასწრებს, არ მიუახლოვდები და მოსატყუებლად მოდის. მის წინააღმდეგ თამაში საკმაოდ რთულია".

– არის თუ არა შენთვის ფუფუნება, როცა ნაკრების წინა ხაზში ჩაკვეს, კვარას, მიქაუტას და მსგავსი დონის ფეხბურთელები გყავს?
– "გეთანხმებით, საქართველოს ნაკრებს ისეთი შემტევები ჰყავს, ტოპ ნაკრებებსაც შეშურდებათ. დიდი ფუფუნებაა, როცა შენთან ერთად ასეთი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ნაკრებით ყველა მეტოქესთან მოგება შეგვიძლია".
საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა ერთ-ერთ ინტერვიუში კაკაბაძე შეაქო და თქვა, "როცა ის ნაკრებში მყავს და ბურთთანაა, თავს დაცულად ვგრძნობო", ამ თემაზე კაკაბაძემაც ისაუბრა:
– "ძალიან სასიამოვნოა, როცა მწვრთნელი შენზე ასე საუბრობს. მოგეხსენებათ, ვილი ჩემს პოზიციაზე თამაშობდა და ორმაგად სასიხარულოა, რომ ასეთი ადამიანისგან ასეთ სიტყვებს ისმენ".
– როგორც თქვი, ვილი შენი პოზიციის ფეხბურთელი იყო. თუ მიგიღია მისგან რჩევა, რაც, როგორც მარჯვენა მცველისთვის, მნიშვნელოვანი იყო და მომავალში გამოგადგა?
– "დიახ, მისგან ბევრი ისეთი რამ მისწავლია და ისეთი რამ უთქვამს, რაც შემდგომში გამომადგა. მაგალითად, როცა მთლიანი ფლანგი მე მაბარია, მიხსნის, როგორ არ უნდა დავტოვო ზონები ცარიელი. მის სიტყვებს და რჩევებს ბევრჯერ დადებითად უმოქმედია ჩემს თამაშზე. კიტე და ქოჩორა ხშირად მაზღვევენ ხოლმე, მაგრამ ფლანგზე ყურადღებით ყოფნა აუცილებელია."
– კიტე და ქოჩორა ახსენე. ლაშა დვალმა გვითხრა, როცა მათ პასს ვუკეთებ მშვიდად ვარ, რადგან ვიცი ბურთს არ დაკარგავენო. როგორია შენი პოზიცია?
– "კიტეს და ქოჩორას რომ ბურთს მისცემ, უკვე უპირატესობა გაქვს, რადგან სწორ გადაწყვეტილებს იღებენ. შეტევაში თამამად მივდივარ ხოლმე, რადგან ვიცი, რომ ისინი მაზღვევენ. ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს მოთამაშეები უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებენ".
– ყველა პოზიციას შევეხეთ და არ გვისაუბრია მეკარეზე...
– "მამარდა ტოპ კლასის მეკარეა. მსგავსი მეკარე იშვიათად მინახავს, სხვა დონეზეა და არც გამკვირვებია, რომ ლივერპულში გადავიდა, რადგან ამას იმსახურებს".

– ყველაზე კომფორტული თანაგუნდელი, რომელთან ერთადაც ნაკრებში თამაშობ...
"– გამიჭირდება, მაგრამ თუ ერთი უნდა ვთქვა, კაშიას გამოვყოფ. კაპიტანია, სულ ლაპარაკობს, ხაზსაც ის აკონტროლებს და თამაშს წარმართავს. როგორც ვთქვი, ნაკრებში ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე კომფორტული კაშიასთან ერთად თამაშია."
– საკლუბო კარიერასაც შევეხოთ. კრაკოვიასთან ახალი კონტრაქტი ევრო 2024-მდე გააფორმე. სწორი გადაწყვეტილება იყო?
– "სიმართლე გითხრათ, არაფერი შემოთავაზება არ მქონია. გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატამდე მივიღე, რათა ამ ტურნირსთივის სრულად კონცეტრირებული ვყოფილიყავი. თუ რამე გამოჩნდებოდა, დღეს ისეთი დროა, ფულის გადახდა არავის დაენანება და მიყიდიდა. ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ, რადგან კრაკოვში ბედნიერი ვარ, მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვგრძნობ თავს, კაპიტანი ვარ და ჩემი ოჯახიც ბედნიერია."
– ჩაშლილი ტრანსფერი ლა ლიგაში...
– "ახლოს ვიყავი ხეტაფეში გადასვლასთან, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. რა თქმა უნდა, ყველაფერი საბოლოოდ შენს თავს უნდა დააბრალო, მაგრამ რაღაც მომენტში ასე არ იყო. ხიმნასტიკში ყოფნისას, ესპანელი აგენტები მყავდა, რომლებმაც საქმე პასიურად წაიყვანეს, ხეტაფეს ჩემი წაყვანა სურდა, აგენტები არ აქტიურობდნენ და სიტუაცია სხვანაირად წარიმართა, რის გამოც შემდეგ ბოდიშებსაც მიხდიდნენ. ეს იყო საკვანძო მომენტი ჩემს კარიერაში".

– ტაქტიკა, ფეხბურთელები, მწვრთნელი - ყველა კომპონენტი ვახსენეთ, რითაც ამ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ, მაგრამ არ გვისაუბრია მთავარზე - მეგობრული და ოჯახური გარემო ნაკრებში...
– "გეთანხმებით, წარმატების მთავარი საიდუმლო სწორედ ამაშია. ყველა ერთმანეთთან ვმეგობრობთ და ერთი ოჯახი ვართ. როცა ნაკრების შეკრება ახლოვდება, ერთმანეთი გვენატრება და ერთი სული გვაქვს, როდის შევიკრიბებით ხოლმე. კრაკოვიას 10 ფეხბურთელია ნაკრებში და ყველა მეუბნება, რომ არსად ისეთი გარემო არ არის, როგორიც საქართველოს ნაკრებში."
– ახალი მიზნები და ისტორიის ახალი ფურცელი...
– "ჩვენი ახალი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა. გულშემატკივარს თავდადებასა და ბოლომდე ბრძოლას ვპირდებით. ჩვენ ერთად შევძლებთ ახალი ისტორიის დაწერას, მორიგი ოცნების ახდენასა და ბედნიერი ერის კიდევ ერთხელ ხილვას."









