ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები პოლონეთში უკრაინას დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.
გუნდის მოსამზადებელ ეტაპზე
ამ მატჩისთვის მზადება პოლონეთშივე გადავწყვიტეთ, რათა ფეხბურთელებისთვის აქ ჩამოსვლა უფრო კომფორტული იყო. გუნდში კარგი განწყობაა და მზად ვართ, რომ კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვოთ.
უკრაინის ნაკრებზე
მათ საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ინდივიდუალურად გამორჩეულები არიან. რთული მატჩი იქნება და ფეხბურთელები მოტივირებულები იქნებიან, რათა გამარჯვებისთვის იბრძოლონ.
საქართველოს ნაკრების წარმატებულ სვლაზე
ჩემი ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთში შესაძლოა დამარცხდე, ან მოიგო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ შენი შესაძლებლობები მოედანზე მაქსიმალურად წარმოაჩინო. ამას კი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კარგად აკეთებენ.
ჯგუფიდან გასვლის შანსებზე
ჯგუფში 4 მატჩი დაგვრჩა სათამაშო, ამიტომ ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ჯერ არაფერს არ წყვეტს. ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი მაღალი დონის ნაკრებები არიან, რთული ჯგუფია, ყველას ყველასთან შეუძლია მოგება. სექტემბერში მოპოვებულმა გამარჯვებებმა მოგვცა მუხტი, რომ ოქტომბერშიც ასე გავაგრძელოთ.
ნაკრების ახალწვეულებზე
გულიაშვილი და გოგლიჩიძე მზადების პროცესში კარგად ჩაერთვნენ. მათ ასაკობრივი ნაკრებები გავლილი აქვთ და ადაპტაცია არ გასჭირვებიათ. მათი ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნაკრებში კარი ყველასთვის ღიაა. გულიაშვილს კლუბში საკმაოდ წარმატებული სერია ჰქონდა. ნაკრებში დიდი კონკურენციაა და ვინც იმსახურებს, სანაკრებო სიაში ის ხვდება".
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









