ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიას ჯადოქრობა სჭირდება, თუმცა ის დაღმასვლის გზაზეა და მის სახეზე ღიმილი დიდი ხანია, რაც აღარ შეინიშნება. სასწორზე კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი დევს, მაგრამ ქართველი ვინგერის აგენტი ამბობს: "ბარსელონა თუ პარი სენ-ჟერმენი? სეზონის ბოლოს ყველაფერი გაირკვევა".
"პარტენოპეის" გარემარბი ხასიათით ძალიან მორიდებულია, რასაც ვერ ვიტყვით მის აგენტზე, მამუკა ჯუღელზე, რომელიც ხშირად ერევა ფეხბურთელის საქმეებში, თანაც ყველაზე ცუდ დროს. გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, როცა ქართველმა აგენტმა ვიქტორ ოსიმენის საუდის არაბეთში გადასვლაზე ისაუბრა.
გუშინ, კვარაცხელიას აგენტმა კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება:
"ბარსელონა და პარი სენ-ჟერმენი? მას მსოფლიოს საუკეთესო კლუბებისგან აქვს შემოთავაზებები. გიკვირთ? როგორ შეიძლება, რომ ხვიჩა სატრანსფერო ბაზარზე მსურველის გარეშე დარჩეს. მაისში ყველაფერი გაირკვევა", - განაცხადა 54 წლის აგენტმა.
მაისამდე დარჩენილია სამი თვე და ყველასთვის გასაგებია, რომ მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე აუცილებლად შედგება. რა მიზანი აქვს კომენტარის გაკეთებას ახლა, როდესაც რთული პერიოდი აქვს როგორც "აძურის", ისე თავად ქართველ ვინგერსაც. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ჯუღელი კლუბზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს.
"ლურჯების" მთავარი საფიქრალი საფეხბურთო მოედანი არის, სადაც შედეგები არც ისეთი სახარბიელოა. ამ გუნდის თამაში არ შეეფერება სერია ა-ს ჩემპიონის პერფომანსს. იგივე ითქმის იტალიის ჩემპიონატის წინა სეზონის საუკეთესო მოთამაშეზეც. წელს ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიამ ერთი ბურთის გატანაც ვერ შეძლო.
რაც შეეხება სერია ა-ს, 23 შეხვედრის შემდეგ, სტადიო დიეგო მარადონას ვარსკვლავის ანგარიშზე ექვსი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა. მიმდინაერე შედეგები შევადაროთ გასული სეზონის 23 მატჩს, იმ დროისთვის ლუჩანო სპალეტის გუნდის 77-ე ნომრის ანგარიშზე 2-ჯერ მეტი ბურთი და 3-ჯერ მეტი ასისტი იყო. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ როგორც შარშან, ისე წელს, 23 თამაშის მონაცემებით, კვარას 26-ჯერ ჰქონდა დარტყმული კარში.
ფაქტია, რომ ქართველი გარემარბის თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცა. ის უფრო ორგანიზებულად თამაშობდა, წელს კი ხშირად უწევს კარში დარტყმა არსაიდან, რადგან მის გარდა, საკუთარ თავზე თამაშის აღებას ვერავინ ბედავს. ყველა სირთულის მიუხედავად, ხვიჩა წელსაც ბევრს ცდილობს, მაგრამ ეს არ არის ის თამაში, რომელსაც მისგან ვართ მიჩვეულები.
Vincenzo D'angelo © RCS MEDIAGROUP











