ახალი ამბავი არ არის, რომ ნაპოლი მიმდინარე სეზონში არასახარბიელო მდგომარეობაშია. სერია ა-ში "პარტენოპეი" ამჟამად იმყოფება მეცხრე ადგილზე და ლიდერ ტურინის იუვენტუსს 21 ქულით ჩამორჩება. "აძურიმ" წაგება იგემა საუდის არაბეთში გამართულ იტალიის სუპერთასის ფინალშიც, მილანის ინტერის წინააღმდეგ.
რაც შეეხება იტალიის თასს, სრული კოშმარი - გამანადგურებელი მარცხი (0:4) მოკრძალებული ფროსინონესგან 1/8 ფინალის სტადიაზე. ცალკე საკითხია ვალტერ მაცარის გუნდის საკადრო პრობლემები, ეს ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით, რომ უახლოესი მატჩი არის ძალიან მალე, უფრო კონკრეტულად კი 28 იანვარს, რომის ლაციოსთან.
"არწივების" წინააღმდეგ ნაპოლის არ ეყოლება არც მეტი არც ნაკლები 10 (!) ფეხბურთელი. მივყვეთ თანმიმდევრობით, წითელი და ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებულები: ხვიჩა კვარაცხელია, ჯო სიმეონე, იენს კაიუსტე. დიახ, იტალიის სუპერთასზე მიღებული ბარათები სერია ა-ზე გადმოვიდა, ასეთია კალჩოს წესები.
"პარტენოპეის" ლაზარეთში იმყოფებიან შემდეგი ფეხბურთელები - ალექს მერეტი, ნათან დე სოუზა, მატიას ოლივეირა, მარიო რუი და ახალწვეული ჰამედ ტრაორე. "აძურის" რიგებში აგრეთვე არ არიან ვიქტორ ოსიმენი და ზამბო ანგისა, რომლებიც თავიანთ ნაკრებებს აფრიკის ერთა თასის გათამაშებაში ეხმარებიან.
ცნობისთვის, 27 იანვარს ერთმანეთს სწორედ ნიგერია და კამერუნი შეხვდებიან. აქედან გამომდინარე, აფრიკელი ლეგიონერებიდან ერთ-ერთი უახლოეს მომავალში დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე აუცილებლად დაბრუნდება. "ბიანკოჩელესტეს" შემდეგ, მაცარის გუნდის მეტოქეები კალჩოში იქნებიან ვერონა, მილანი, ჯენოა, ჩემპიონთა ლიგაზე 22 თებერვალს კი ბარსელონა.
Serie A
ნაპოლის ლაციოს წინააღმდეგ 10 ფეხბურთელი არ ეყოლება









