ლეანდერი ადგილობრივი რუზელარის აღზრდილია, საიდანაც 2009 წელს ანდერლეხტში გადავიდა, სადაც 2018 წლამდე თამაშობდა. შემდეგ იყო ტრანსფერი ინგლისში, როდესაც ვულვზმა ფეხბურთელი €15 მილიონად შეიძინა. ბელგიელი "მგლების" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, თუმცა 2022 წელს, მას გუნდის დატოვება მოუწია, მაგრამ შორს არ წასულა, საქმეში ასტონ ვილა ჩაერთო და ტრანსფერი €15 მილიონად დაიხურა. ეს იქამდე მოხდა, სანამ კლუბში უნაი ემერი მივიდოდა, შესაბამისად, ესპანელი სპეციალისტის მისვლის შემდეგ, ბელგიელის საქმეები არც ისე კარგად წავიდა. ლეანდერი ძირითადად როტაციის ფეხბურთელი იყო და დიდ სათამაშო დროს ვერ იღებდა.
28 წლის ფეხბურთელი ბელგიის ეროვნული ნაკრების შეუცვლელი წევრია. დებიუტი 2015 წელს ჰქონდა, როცა ჯერ კიდევ ანდერლეხტის ფეხბურთელი იყო, ამ დროში კი ჯამში 32 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.
დენდონკერი ნაპოლისთვის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, უკვე მეოთხე ტრანსფერია. იქამდე "პარტენოპეიმ" სირილ ნგონჟე (ჰელას ვერონა), პასკუალე მაცოკი (სალერნიტანა) და ჰამედ ჟუნიორ ტრაორე (ბორნმუთი) დაიმატა.









