როგორც მოგეხსენებათ, ბარსელონამ კუნთის ტრავმის გამო დაკარგა ჟოაო ფელიქსი, რომელიც ლაზარეთში ოთხ კვირას გაატარებს. პორტუგალიელმა დაზიანება მიიღო ვარჯიშზე, ოსასუნასთან მატჩში კი კატალონიელებს გამოაკლდათ კიდევ ერთი ვინგერი, ამჯერად ფერან ტორესი, რომელმაც ბარძაყის ტრავმა მიიღო.
ფელიქსის თამაში ნაპოლისთან უკვე გამოირიცხა და რაც შეეხება ესპანელ შემტევს, მისი დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კლუბის მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში არც ის იქნება. "ბლაუგრანა" იტალიურ კლუბს ეთამაშება 22 თებერვალს, ჩვენი დროით 00:00 საათზე.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტის ყოფილი ვინგერი კამპ ნოუზე გადმობარგდა 2022 წლის ზამთარში და იმის შემდეგ მან 103 შეხვედრაში 25 გოლის გატანა შეძლო. აქვე დავამატებთ, რომ "პარტენოპეისთან" მატჩამდე, ჩავი ერნანდესის გუნდს ელის დაპირისპირებები პრიმერა დივიზიონში ალავესთან, გრანადასა და სელტასთან.









