ბოსტონმა კლივლენდ კავალიერსთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ჯო მაზულას გუნდმა 120:95 გაიმარჯვა. თიდი გარდენზე შეკრებილმა მაყურებელმა საყვარელი გუნდის დომინანტური თამაში იხილა. ბოსტონმა ოთხივე მეოთხედში შეძლო ლიდერობა, რასაც ლოგიკური დასასრულიც ჰქონდა.
პარკეტზე საუკეთესო კლივლენდის მოთამაშე დონოვან მიჩელი იყო, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა შეასრულა და 5 შედეგიანი პასიც გააკეთა, თუმცა ეს სტატისტიკა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოსტონიდან გამორჩეული ჯაილენ ბრაუნი იყო, რომლის ანგარიშზეც 32 ქულა დაფიქსირდა.
სერიის მეორე მატჩი ისევ ბოსტონში გაიმართება, 10 მაისს, თბილისის დროით 03:00 საათზე.
გუშინ კიდევ ერთი მატჩი გაიმართა ოკლაჰომაში, სადაც ადგილობრივმა სიტი თანდერმა დალას მავერიქსი საკმაოდ მარტივად, 117:95 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა. მარკ დეინოლტის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
მატჩის MVP, რა თქმა უნდა, შაი გილგეუს-ალექსანდერი გახდა, რომელიც ფორმას ინარჩუნებს და გუნდის ლიდერობას აგრძელებს. კანადელის ანგარიშზე 29 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი იყო. დალასიდან გამორჩეული მოთამაშე კაირი ირვინგი იყო - 20 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი.
სერიის მეორე მატჩი ისევ პეიკომ ცენტრში გაიმართება. შეხვედრა 10 მაისს, თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება.










