თარგეთ ცენტრში შეკრებილმა მაყურებელმა ძალიან კარგი მატჩი იხილა, სადაც მოგება ორივე გუნდს შეეძლო. ოთხივე მეოთხედის განმავლობაში, პარკეტზე უმაღლესი დონის კალათბურთი მიმდინარეობდა.
მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა, რომელმაც 44 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა შეასრულა და 5 შედეგიანი პასითაც მოამარაგა გუნდელები, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. დენვერს, რა თქმა უნდა, ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა - 29 წლის სერბმა საკუთარ გუნდს 35 ქულა მოუპოვა.
სერიის მეხუთე მატჩი უკვე დენვერში გაიმართება - 15 მაისს, თბილისის დროით 06:30 საათზე.
კიდევ ერთი საოცარი მატჩი გაიმართა ინდიანაპოლისში, სადაც ადგილობრივმა პეისერსმა ნიუ იორკ ნიქსი უბრალოდ გაანადგურა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. რიკ კარლისლის გუნდმა საკმაოდ მარტივი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, 121:89.
პარკეტზე ნიქსის მხრიდან საუკეთესო ალეკ ბურქსი იყო, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა შეასრულა და 2 პასითაც გამოიჩინა თავი. ინდიანას კი ტაირიზ ჰალიბარტონმა ულიდერა - 20 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი.
სერიის მეხუთე მატჩს მედისონ სქვერ გარდენი უმასპინძლებს. შეხვედრა 15 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.










