გუშინ გამართულ შეხვედრაში, MVP ჯამალ მიურეი გახდა. კანადელის ანგარიშზე 32 ქულა, 3 მოხსნა და 7 პასი იყო. რაც შეეხება ლებრონ ჯეიმსს, ვეტერანმა ამერიკელმა საკუთარ გუნდს 30 ქულა მოუპოვა.
ამ სერიას ლოგიკური დასასრული ჰქონდა, დენვერი მეტოქეზე უკეთესად პირველივე მატჩიდან გამოიყურებოდა, შესაბამისად, მომდევნო ეტაპზეც დამსახურებულად გავიდა.
პლეიოფის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი, მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ დენვერში გაიმართება, კერძოდ 5 მაისს, თბილისის დროით 00:00 საათზე.
გუშინ ღამით პლეიოფის მომდევნო ეტაპის საგზური კიდევ ერთმა გუნდმა მოიპოვა - ოკლაჰომამ მეოთხე თამაშიც მოუგო პელიკანსს და დამსახურებულადაც გახდა სერიის გამარჯვებული. ბოლო დაპირისპირებაშიც სრულ უპირატესობას მარკ დაინოლტის გუნდი ფლობდა, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა, 89:97.
პარკეტზე საუკეთესო შაი გილგეუს-ალექსანდერი იყო, რომელიც სერიის MVP-იც გახდა. ოთხივე შეხვედრაში კანადელმა ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო.
ოკლაჰომა სიტი თანდერის მომდევნო მეტოქე, ლოს ანჯელეს კლიპერს და დალაქს მავერიქს შორის გამარჯვებული იქნება.
ბოსტონ სელტიკსმა სერიაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. ჯო მაზულას გუნდმა მაიამი ჰიტი კვლავ დაამარცხა, ანგარიშით 88:102 და მომდევნო ეტაპს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
ბოსტონის მხრიდან საუკეთესო დერიკ უაითი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 38 ქულა მოუტანა. მაიამიდან გამორჩეული მოთამაშე ბემ ადებაიო გახლდათ, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო.
სერიის მეხუთე მატჩი უკვე ბოსტონში გაიმართება. შეხვედრა 2 მაისს, თბილისის დროით 03:30 საათზეა ჩანიშნული.











