აღმოსავლეთ კონფერენციის წყვილში პირველი გამარჯვებები მოიპოვეს კლივლენდ კავალიერსმა და მინესოტა ტიმბერვულვზმა. კლივლენდმა ორლანდო მეჯიქი დამაჯერებლად, 97:83 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა. მატჩში საუკეთესო დონოვან მიჩელი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 30 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მოუტანა. ორლანდოდან გამორჩეული პაოლო ბანკერო იყო - 24 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი. მეორე თამაში კვლავ კლივლენდში გაიმართება, 23 აპრილს, თბილისის დროით 03:00 საათზე.
აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე შეხვედრა მინესოტაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ტიმბერვულვზმა ფინიქს სანსი დამაჯერებლად, 120:95 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა. მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო. სანსის მხრიდან კი საუკეთესო, რა თქმა უნდა, კევინ დურანტი იყო - 31 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი. მეორე შეხვედრას ისევ მინესოტა უმასპინძლებს. მატჩი 24 აპრილს, თბილისის დროით 03:30 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციას - სერიაში დაწინაურება მოახერხა ნიუ იორკ ნიქსმა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ფილადელფია სიქსერსი, 111:104 დაამარცხა. მედისონ სქვერ გარდენზე შეკრებილმა გულშემატკივარმა, ნიქსის სრული დომინაცია იხილა. პარკეტზე საუკეთესო სიქსერსის კალათბურთელი ტაირის მაქსი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 33 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მოუპოვა. ნიქსიდან გამორჩეული ჯალენ ბრანსონი იყო - 22 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი. სერიის მეორე შეხვედრა 23 აპრილს, თბილისის დროით 03:30 საათზე ჩატარდება.
ბოლო შეხვედრა, რომელიც გუშინ ღამით გაიმართა, დენვერში შედგა, სადაც ადგილობრივმა ნაგეტსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსის დამარცხება საკმაოდ მარტივად მოახერხა, 114:103 და სერიაში პირველი მატჩი მოიგო. MVP ლეიკერსის კალათბურთელი ენტონი დევისი გახდა, რომელიც პარკეტზე საუკეთესო იყო - 32 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი. რაც შეეხება დენვერის მხრიდან საუკეთესოს, ეს, რა თქმა უნდა, ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც 32 ქულა ჩააგდო, 12 მოხსნა და 7 პასი შეასრულა. ლეგენდარულ ლებრონ ჯეიმსსაც არ ჰქონდა ცუდი მატჩი - 39 წლის ამერიკელმა, 27 ქულა მოუპოვა თავის გუნდს. სერიის მეორე მატჩი ისევ დენვერში გაიმართება, 23 აპრილს, თბილისის დროით 06:00 საათზე.










