გასათვალიწინებელია ერთი საკითხი: თუ სტატისტიკის ათვლას იმ დროდან დავიწყებთ, როცა უეფას თასს ევროპა ლიგა დაერქვა (2009 წლიდან), მარსელის ოლიმპიკის ფორვარდი, თავისი 31 ბურთით, უპირობო ლიდერი გამოდის, უეფას თასის სტატისტიკის ჩათვლით კი (1971-2009 წ.წ.), პირველ პოზიციას ის გლაზგოს სელტიკის ლეგენდარულ გოლეადორთან ერთად იყოფს.
შემდეგ პოზიციებზე მოდიან რადამელ ფალკაო და კლას-იან ჰუნტელაარი ( 30-30 გოლით), ხუთეულს კი, 29 ბურთით, დიტერ მიულერი ხურავს. იქვე ახლოს, 26-26 გოლით, რომელუ ლუკაკუ და არიც ადურისი გადანაწილდნენ. 10-ეულს კი, 25 ბურთით, ხურავს შოთა არველაძის, ედინ ჯეკოსა და ალესანდრო ალტობელის ტრიო.
ქართველ თავდამსხმელს 25 გოლის გასატანად 41 შეხვედრა დასჭირდა, ბოსნიელ ფორვარდს - 48, იტალიელ შემტევს კი - 58. აქვე დავამატებთ, რომ უეფას თასზე საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი 9 სეზონის მანძილზე გამოდიოდა. აღნიშნულ რეიტინგში გათვალისწინებულია შესარჩევი მატჩებიც. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა სრული 10-ეული ასე გამოიყურება:
1. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი, არსენალი, ბარსელონა, მარსელი) 31 გოლი, 56 მატჩი;
2. ჰენრიკ ლარსონი (ფეინოორდი, სელტიკი, ჰელსინგბორგი) 31 გოლი, 45 მატჩი;
3. რადამელ ფალკაო (პორტო, ატლეტიკო) 30 გოლი, 31 მატჩი;
4. კლას-იან ჰუნტელაარი (ჰერენვენი, აიაქსი, შალკე) 30 გოლი, 50 მატჩი;
5. დიტერ მიულერი (კიოლნი, შტუტგარტი, ბორდო) 29 გოლი, 36 მატჩი;
6. რომელუ ლუკაკუ (ანდერლეხტი, ევერტონი, ინტერი, რომა) 26 გოლი, 41 მატჩი;
7. არიც ადურისი (ბილბაო) 26 გოლი, 39 მატჩი;
8. შოთა არველაძე (დინამო თბილისი, ტრაბზონსპორი, აიაქსი, რეინჯერსი, ალკმაარი) 25 გოლი, 41 მატჩი;
9. ედინ ჯეკო (ვოლფსბურგი, მან. სიტი, რომა) 25 გოლი, 48 მატჩი;
10. ალესანდრო ალტობელი (ინტერი, იუვენტუსი) 25 გოლი, 58 მატჩი;











