ბორჯღალოსნების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია — ინფორმაცია LaGazzetta.ge-ს საქართველოს რაგბის კავშირში დაუდასტურეს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ზაფხულში პიერ-ანრი ბრონკანი ჩაიბარებს, რომელიც ამჟამად ბრივის მთავარი მწვრთნელია და კონტრაქტი სწორედ სეზონის ბოლოს ეწურება. მანამდე კი მის მოვალეობასმარკო ბორტოლამი შეასრულებს, რომელიც ზაფხულში ბრონკანის ასისტენტი გახდება.
პიერ-ანრი ბრონკანს საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს და სხვადასხვა დროს არაერთი ფრანგული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმუშავია. 2023 წლიდან კი ბრივის თავკაცია და კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს. პიერ-ანრი ბრონკანი ბორჯღალოსნებთან ერთად ქართულ ფრანჩაიზს, შავი ლომს ჩაიბარებს.
*პიერ-ანრი ბრონკანი
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, დავით კაჭარავა ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პიერ-ანრი ბრონკანის დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტია.
"პიერ-ანრი ბრონკანი არის გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც მთავარი მწვრთნელის რანგში ძალიან შთამბეჭდავი კარიერა აქვს. მას არაერთ უმაღლესი დონის კლუბში უმუშავია, ასევე იყო ავსტრალიის ნაკრების ასისტენტი-მწვრთნელი 2023 წლის მსოფლიო თასზე."
"ვფიქრობ, ჩვენთვის ფრანგი მწვრთნელი მნიშვნელოვანია, რადგან ლეგიონერების დაახლოებით 95% სწორედ საფრანგეთში თამაშობს. ბრონკანი კარგად იცნობს თითოეული ჩვენი მოთამაშის შესაძლებლობებს. მას ყოველთვის აინტერესებდა ქართველი მორაგბეები და არაერთ მათგანთან პირადად უმუშავია. მან კარგად იცის როგორც კაცთა, ასევე ესპუართა (ახალგაზრდული) გუნდებში მოთამაშე ქართველი მორაგბეების სარაგბო ბიოგრაფია. პიერ-ანრი არის მშრომელი, მაღალი დონის პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ ის ქართულ რაგბს წინსვლაში დაეხმარება."
"მასთან ერთად სამწვრთნელო შტაბში იქნება იტალიელი მარკო ბორტოლამი, რომელიც ბოლოს ‘სეილ შარქსის’ მთავარი მწვრთნელი იყო. ის იყო იტალიის ნაკრების მოთამაშე და კაპიტანი, შემდეგ კი წლების განმავლობაში წვრთნიდა იტალიურ ფრენჩაიზს - ‘ტრევიზოს’. რა თქმა უნდა მან ძალიან კარგად იცის იტალიის შიდა სამზარეულო, თითოეული მორაგბის შესაძლებლობები და ვფიქრობ, ამ დეტალების ცოდნა დაგვეხმარება იმ გამარჯვების მიღწევაში, რომელიც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია."
"მთავარი მოთხოვნა გუნდის ფორმირება და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა. ჩვენ ვიცით, რომ 2026 წელს ტიერ1-ის გუნდებთან თამაშები არ გვექნება. რა თქმა უნდა რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და ერთა თასის ყველა თამაშის მოგება მნიშვნელოვანია, თუმცა ამ გამარჯვებებთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გუნდის ფორმირება და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება, რადგან სხვა შემთხვევაში მსოფლიო თასზე იმ დიდი გამარჯვებების მიღწევა გართულდება, რისი მოლოდინიც ჩვენ და ქართული რაგბის გულშემატკივარს აქვს" — დავით კაჭარავა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების და შავი ლომის მთავარი მწვრთნელის პოსტი რამდენიმე კვირის წინ რიჩარდ ქოქრილმა დატოვა.









