საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სერბი სპეციალისტი, ალექსანდარ ჯიკიჩი გაწვრთნის. 52 წლის სპეციალისტი მიმდინარე სეზონში იერუსალიმის „ჰაპოელს“ წვრთნიდა, თუმცა გუნდი რამდენიმე დღის წინ დატოვა და მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს. ჯიკიჩი 2023 წლის ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, კონტრაქტი 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული, რაც საკვალიფიკაციო ტურნირს და ევრობასკეტის ფინალურ ეტაპს მოიცავს. 2025 წლის შემოდგომაზე მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ.
ჯიკიჩი 1994 წლიდან პროფესიონალი მწვრთნელია. ბელგრადის პარტიზანში მთავარი მწვრთნელების ასისტენტად 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2005 წელს ნბა-ში გადავიდა და მინესოტა ტიმბერვულვზში დუეინ კეისის ასისტენტი გახდა. 2008 წელიდან ალექსანდარ ჯიკიჩი მთვარ მწვრთნელად მუშაობს, მის გუნდებს შორისაა, ოლიმპია (სლოვენია), კრკა (სლოვენია), ლიეტუვოს რიტასი (ლიეტუვა), პარტიზანი (სერბეთი), ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო) ესტუდიანტესი (ესპანეთი) და ჰაპოელი (ისრაელი). ალექსანდარ ჯიკიჩმა სლოვენიის ჩემპიონობა ზედიზედ 4-ჯერ იზეიმა. მისი გუნდები სხვადასხვა წლებში გამხდარან ადრიატიკის ლიგისა და მონტენეგროს ჩემპიონატის გამარჯვებულები, სლოვენიისა და ისრაელის თასის მფლობელები, ხოლო 2011 წელს ჯიკიჩის გაწვრთნილმა კრკა-მ ფიბა-ს ევროჩელენჯის თასი მოიგო. გასულ, 2022-2023 წლების სეზონში ჯიკიჩს წინამძღოლობით ჰაპოელმა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. სანაკრებო დონეზე ჯიკიჩს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში (2014-2015) მუშაობდა, ხოლო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის მოსამზადებლად 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში შეიკრიბება. 23 თებერვალს ჩვენი გუნდი ნესტვედში, დანიას და 26-ში კი თბილისში, სერბეთს დაუპირისპირდება.
ოფიციალურად, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავრი მწვრთნელი ჰყავს









