რომას თავდამსხმელის არჩევანზე უდიდესი გავლენა მოახდინა ორმა ადამიანმა - მისმა მეუღლემ, ორიანამ და დედამ, ალისიამ. ფეხბურთელის მეორე ნახევარი იტალიაში წარმატებული მსახიობი და მომღერალია, მას არ ხიბლავდა აზიაში გადასვლის პერსპექტივა, სადაც მისი შემოქმედებითი პოტენციალი შეზღუდული იქნებოდა.
იტალიელი არტისტის აუდიტორიაც, ძირითადად, ევროპასა და არგენტინაშია თავმოყრილი. 30 წლის ფეხბურთელის საუდის არაბეთში გადასვლის იდეა არც მისი მეუღლის ფანებს მოეწონათ. ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ორიანა გააგრძელებს თავის შემოქმედებით მოღვაწეობას იმ გარემოში, სადაც აქამდე იმყოფებოდა.
რაც შეეხება დედის პოზიციას, მან "ლა ხოიას" ევროპაში დარჩენა ურჩია, რადგან მიაჩნია, რომ შვილის თავგადასავალი დიდ ფეხბურთში ჯერ არ დასრულებულა. ალისია არასდროს ერეოდა "ჯალოროსის" 21-ე ნომრის კარიერაში, მაგრამ როდესაც საქმე ევროპის დატოვებამდე მივიდა, მან რჩევის მიცემისგან თავი არ შეიკავა.
საფეხბურთო სამყარო დიბალას ევროპაში დარჩენა შეაფასა, როგორც "ფეხბურთის გამარჯვება ფულზე" და ამ ყველაფერში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. როგორც ვხედავთ, ფეხბურთის გამარჯვებაში თავისი როლი ოჯახურმა გარემოებებმაც ითამაშა.











