ნაპოლი სერია ა-ში დაბრუნდა პირველ ადგილზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა ერთ სეზონში ორი ტოპ 5 ლიგის გამარჯვებული გახდეს. ქართველმა ვინგერმა პარის სენ-ჟერმენთან ერთად, ლიგა 1-ის ჩემპიონობა უკვე გაიფორმა და ახლა ჯერი "პარტენოპეიზე" არის.
ისტორიას ახსოვს სამი ფეხბურთელი, რომლის ანგარიშზე აღნიშნული მიღწევა არის. დავიწყოთ ჟოაუ კანსელოთი, რომელიც 2022/2023 წლების სეზონში მანჩესტერ სიტისა და მიუნხენის ბაიერნთან ერთად, პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის ტრიუმფატორი გახდა. პორტუგალიელმა განაპირა მცველმა სეზონის პირველი ნახევარი გაატარა "ქალაქელებში", მეორე კი "რეკორდმაისტერში".
კიდევ ერთი ასეთი ფეხბურთელი არის კინგსლი კომანი, თუმცა საინტერესოა, რომ მას გუნდი ზამთარში არ გამოუცვლია. 2015/2016 წლების სეზონში, ტურინის იუვენტუსში ჩატარებული 2 შეხვედრის შემდეგ, ფრანგი ვინგერი აგვისტოს ბოლოს გადავიდა ალიანც არენაზე, სადაც გერმანიის ჩემპიონი გახდა.
იმ სეზონში სერია ა-ს ტრიუმფატორი გახდა "ბიანკონერი" და ბაიერნის გარემარბს აღნიშნული ჩემპიონობაც ჩაეთვალა. ბოლოს კი ალვარო ოდრიოსოლა, რომელმაც 2019/20 წლების სეზონში პრიმერა დივიზიონი მოიგო მადრიდის რეალთან ერთად, გერმანიის ჩემპიონატი კი უკვე მიუნხენში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანელ განაპირა მცველს ორი ჩემპიონატის მოსაგებად საერთო ჯამში დასჭირდა სულ რაღაც 10 მატჩი - ხუთი "სამეფო კლუბში" და ხუთიც "რეკორდმაისტერში". ვნახოთ, შეუერთდება თუ არა აღნიშნულ მოთამაშეებს საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერიც. ყველაფერი "აძურიზეა" დამოკიდებული.









