დივოკ ორიგი კვლავ ითვლება მილანის ფეხბურთელად, თუმცა მას აღნიშნული გუნდის შემადგენლობაში 2023 წლის შემდეგ არ უთამაშია. ბელგიელმა ფორვარდმა უარი თქვა "როსონერისთან" მოქმედი ხელშეკრულების დროზე ადრე გაწყვეტაზე, რის შემდეგაც კლუბმა ის სარეზერვო გუნდში გადაიყვანა.
ამის მიუხედავად, "ილ დიავოლოს" თავდამსხმელი გუნდის გამოცვლას მაინც არ ჩქარობს. საინტერესოა, რომ ის საერთოდ არ ცხოვრობს ქალაქ მილანში და დროის უმეტეს ნაწილს ფლორენციაში ან სამშობლოში ატარებს. 30 წლის ფორვარდს სან სიროს ბინადრებისგან ყოველთვიურად ერიცხება ხელფასი: 375 000 ევრო.
ორიგის მიზანია ასეთი გრაფიკით 2026 წლის ზაფხულამდე ცხოვრება, სწორედ ამ დროს ამოიწურება მისი კონტრაქტი მასიმილიანო ალეგრის გუნდთან. საინტერესოა ისიც, გააგრძელებს თუ არა საფეხბურთო კარიერას ბელგიელი ფორვარდი მილანის შემდეგ.









