სებასტიან ფეტელმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული რედ ბულთან ერთად ზედიზედ 4-ჯერ, 2010-13 წლებში მოიპოვა, თუმცა, მის მიერ მოგებული რბოლების პროცენტული მაჩვენებელი მკვეთრად ჩამორჩება შუმახერის, ჰემილტონისა და ახლა უკვე, ვერსტაპენის დომინაციის წლებს.

მოახლოებულ უქმეებზე, ფორმულა 1-ის გრან პრი გაიმართება, რომელსაც იმოლას ისტორიული ავტოდრომი უმასპინძლებს. მოქმედი ჩემპიონის, მაქს ვერტაპენის წარმოუდგენელი დომინაცია სწორედ იმოლაზე იწყება 2022 წელს. მან ჩატარებული 47 რბოლიდან 37-ის მოგება მოახერხა, რაც 78,72%-ია.
შუმახერის კარიერაში 47 რბოლიანი დომინაცია 2001 წლის სუზუკადან 2004 წლის ბუდაპეშტამდე გაგრძელდა, ამ დროში რბოლების 68,02% (32) მოიგო, ხოლო ჰემილტონმა 2018 წლის ჰოკენჰაიმიდან 2020 წლის ბაჰრეინამდე ჩატარებული 47 გრან პრიდან 30-ში გაიმარჯვა, რაც მხოლოდ 63,83% უტოლდება.

ვერსტაპენის ორწლიანი დიქტატურა მოპოვებულ ქულებში კიდევ უფრო შთამბეჭდავია - მან ამ დროის განმავლობაში 1,114 ქულის მოპოვება მოახერხა, რასაც ფორმულა 1-ში ახალდანერგილ სპრინტის შედეგებს თუ გამოვაკლებთ, 1,016 ქულას მივიღებთ. ორი წლის განმავლობაში, ნიდერლანდელი პილოტი ერთ გრან პრიზე საშუალოდ 21,61 ქულას აგროვებს, რაც წარმოუდგენელი შედეგია.
კარიერის განმავლობაში მოგებული გრან პრის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ლეგენდარულ ხუან მანუელ ფანხიოს აქვს, რომელმაც ჩატარებული რბოლების 47,06%-ის მოგება მოახერხა. აღნიშნულ რეიტინგში მეორე ადგილზე ალბერტო ასკარი (40,63%) იმყოფება, ხოლო მესამე პოზიციას ჯიმ კლარკი (34,72%) ფლობს. მე-4 და მე-5 ადგილებს მოქმედი მრბოლელები, ლუის ჰემილტონი (30,47%) და მაქს ვერსტაპენი (30,37%) იკავებენ. იმ შემთხვევაში, თუ ვერსტაპენის დომინაცია 2024 წლის იმოლაზეც გაგრძელდება, მოგებული რბოლების პროცენტული მაჩვენებლით ლუის ჰემილტონს გადაასწრებს. ლუისის და მაქსის შედეგები კიდევ უფრო ფანტასტიკურია თუ გავითვალისწინებთ ჩატარებული რბოლების რაოდენობას.

26 წლის ასაკში 3-ჯერ მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, მაქს ვერსტაპენმა არაერთი რეკორდი დაამხო და ფორმულა 1-ის მრბოლელების საშუალო ასაკს თუ გავითვალისწინებთ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს.
მაქს ვერსტაპენის მოქმედი რეკორდები ფორმულა 1-ში:
ყველაზე მეტი მოგებული გრან პრი სეზონში - 19
ყველაზე გრძელი მოგებების სერია - 10
ყველაზე მეტი მოგებული გრან პრი სეზონში (პროცენტულად) - 86,36%
ყველაზე გრძელი მოგებების სერია პოულ პოზიციიდან - 18
ყველაზე მეტი პოდიუმი სეზონში - 21
ყველაზე მეტი ქულა სეზონში - 575
ყველაზე მეტი წრის ლიდერობა სეზონში - 1003











