სუპერ თაობა 90-იანებიდან, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს ოვაციები არაერთ საერთაშორისო ტურნირზე დაიმსახურა. დიახ, ჯეი-ჯეი ოკოჩამ და მისმა ტექნიკურმა მეგობრებმა აფრიკული ფეხბურთი სრულიად ახლებურად წარმოაჩინეს, დღეს კი ნიგერიის მთავარი ვარსკვლავი არის ნაპოლის ფორვარდი, ვიქტორ ოსიმენი.
ნიგერიელი თავდამსხმელი აფრიკის ერთა თასზე მიემგზავრებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის სტატუსით და ცხადია, ყველა მის გაბრწყინებას ელოდა. სამწუხაროდ, "პარტენოპეის" შემტევმა ვერ გაამართლა იმედები და სანამ ის ცდილობდა საკუთარი თამაშის პოვნას, "არწივებს" სულ სხვა მოთამაშემ ულიდერა.

საუბარია ადემოლა ლოკმანზე, რომელიც 2022 წლის 25 მარტამდე არც კი იყო "მწვანეების" წევრი, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით. ის დაიბადა ინგლისში და სხვადასხვა დროს სწორედ ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა. რაც შეეხება ნიგერიელი ფორვარდის საკლუბო კარიერას ალბიონზე: ევერტონი, ლესტერი, ფულჰემი, ჩარლტონი.
უნდა ითქვას, რომ "სუპერ არწივების" თავდამსხმელმა ადგილი ვერსად დაიმკვიდრა. მას ჰქონდა მცირე გამონათება რედ ბულ ლაიფციგში, თუმცა მხოლოდ მცირე. თავისი თამაში სრულფასოვნად კი 26 წლის ფორვარდმა ბერგამოს ატალანტაში იპოვა. ჯან პიერო გასპერინის ხელში ის ნამდვილად განსხვავებულად ათამაშდა.
"გასპერინი არის ყველაზე მკაცრი და დაუნდობელი მწვრთნელი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. ამას არ ვამბობ ცუდ კონტექსტში, რადგან მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ჯან პიეროსთან ერთად, თამაში და მოედანზე ფიქრი ახლებურად დავიწყე", - ასე ახასიათებს "ნერაძურის" 11-იანი თავის ამჟამინდელ დამრიგებელს.

იტალიელმა მწვრთნელმა ლოკმანს მოუნახა ახალი პოზიცია და ფლანგიდან სიღრმეში შემოწია. სტანდარტული გარემარბიდან ის უკანდახეულ თავდამსხმელად იქცა. თავისუფალი ზონების პოვნა მეწყვილე ფორვარდისთვის, მეტოქე მცველების განეიტრალება და ცხადია, მომენტის დაგვირგვინება - ეს ყველაფერი ნიგერიელი შემტევის თამაშის განუყოფელ ნაწილად იქცა.
"შავ-ლურჯების" თავდამსხმელი იტალიაში 2022 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში, მან 56 შეხვედრაში 22 გოლის გატანა მოახერხა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ 26 წლის ფორვარდს სხვა კლუბებში, ერთ სეზონზე, 8-ზე მეტი გოლი არ გაუტანია. 2022 წლის 25 მარტი კი გასპერინის გუნდის 11 ნომრისთვის მნიშვნელოვანი თარიღია: სწორედ ამ დღიდან გახდა ის ეროვნული ნაკრების წევრი.
ლოკმანს შეეძლო ინგლისის არჩევა, თუმცა ის "სუპერ არწივებისკენ" გადაიხარა. მან უკვე მოასწრო 17 შეხვედრაში 5 გოლის გატანა. როგორც აღვნიშნეთ, განვლილ კონტინენტის პირველობაზე "მწვანეების" ლიდერი იყო არა ნაპოლის 9-იანი, არამედ ადემოლა. თავად განსაჯეთ: ერთი ბურთი და ერთი ასისტი, ასეთია ოსიმენის მონაგარი, ატალანტას ფორვარდი კი 3 ბურთითა და ასევე ერთი ასისტით გამოირჩა.

26 წლის თავდამსხმელს ხელი შეუწყო ნიგერის მთავარმა მწვრთნელმაც, ჟოზე პერეირუმ, რომელმაც თავის გუნდში 3-4-2-1 ტაქტიკა დანერგა. სწორედ ამ ფორმაციაში გრძნობს ბერგამოელთა 11-იანი თავს ჰარმონიულად. იმასაც შეგახსენებთ, რომ "არწივებმა" კამერუნს პლეი-ოფში სწორედ მისი დუბლით მოუგეს.
როგორც ვიცით, "მწვანეები" ფინალში დამარცხდნენ ტურნირის მასპინძელ კოტ-დ'ივუართან, თუმცა ამით ლოკმანისთვის არაფერი სრულდება. ის ატარებს ძალიან კარგ სეზონს "ნერაძურიში", სადაც მასზე კარგი შედეგი მხოლოდ შარლ დე კეტელარეს აქვს. ვნახოთ, რა ელის მომავალში ნიგერიელ ფორვარდს თავის კარიერულ გზაზე.










