დღეს საქართველო - ლუქსემბურგის მატჩის წინა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა:
„ველოდებით თამაშს, რომელიც კარიერის მატჩია. ნაკრებში ძალიან კარგი განწყობაა, თუმცა ამ თამაშებზე ეს კიდევ გაასმაგებულია, ვემზადებით რომ ჩვენი ოცნება ავიხდინოთ.
განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ლუქსემბურგმა თავი კარგად წარმოაჩინა. ჩვენ ვემზადებით მატჩისთვის, ჯერ ორი ვარჯიში ჩავატარეთ, ტაქტიკაზე დღეს და ხვალ ვიმუშავებთ. ნაკრების ყველა ფეხბურთელი კონცენტრირებულია, ყველა ჩვენგანმა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა წარმოვადგინოთ.
ამ თამაშს მთელი ქვეყანა განსაკუთრებით ველოდით, ვხედავთ, როგორ აერთიანებს ხალს ფეხბურთი და როგორი გარემოა. მადლობა ყველას, მათ შორის სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებს, ძალიან გვახარებს ერთიანობა და იმედია ამ ყველაფერს მოედანზე გადავიტანთ.
ფეხბურთს თან ახლავს პასუხისმგებლობის წნეხი, თამაში ახლოვდება და ეს სტრესი იმატებს, მაგრამ ჩვენ ვემზადებით და შეგვიძლია ეს სტრესი დავძლიოთ.
რაც შეეხება ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნებას, ჯაბა განსაკუთრებული პიროვნებაა, ის ჩემთვის იყო და არის ფეხბურთელი და ადამიანი, რომელიც ყოველთვის მისაბაძია ხასიათით და ჟინით, მისი ჩვენთან ყოფნა განსაკუთრებული ძალაა და მჯერა, ამას ყველა იგრძნობს,“ - განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლე-ოფის ნახევარფინალურ მატჩში, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს "დინამო არენაზე" 21 მარტს უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ლუქსემბურგის ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფლე-ოფის ფინალში გავა, სადაც საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და თუ ფინალსაც მოიგებს, ჩვენი გუნდი, არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ფოტო: ანამარია ჩოხელი












