მილანის ინტერის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. იტალიურმა კლუბმა უახლოეს პერიოდში გამოიარა ჩემპიონთა ლიგის ფინალში განადგურება, სიმონე ინძაგის წასვლა და საკლუბო მუნდიალიდან გამოვარდნა. ამ ყველაფერს დაემატა ლაუტარო მარტინესსა და ჰაკან ჩალჰონღლუს შორის მომხდარი კონფლიქტი.
როგორც ვიცით, თურქ ნახევარმცველს სურს გალათასარაიში გადასვლა, არგენტინელმა თავდამსხმელმა კი განაცხადა, რომ ვისაც არ სურს "ნერაძურიში" დარჩენა, ის უნდა წავიდეს. ამ ფაქტს გამოეხმაურა კლუბის პრეზიდენტი, ბეპე მაროტა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის მილანის ყოფილ შუახაზელს არ დააკავებს.
ამ ყველაფრის შემდეგ, განცხადება გააკეთა უკვე თავად 31 წლის ნახევარმცველმა, რომლის პოსტი სოციალურ ქსელში ჯუზეპე მეაცას ბინადრების მხრიდან მხოლოდ მარკუს ტურამმა მოიწონა. კრისტიან კივუს გუნდის მე-20 ნომერი უარყოფს იმ ფაქტს, რომ მას თავის ამჟამინდელი კლუბის მიმართებაში რაიმე საწინააღმდეგო აქვს.
"ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული ტრავმის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა გავმგზავრებულიყავი აშშ-ში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვერდში დავუდგე ბიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ თამაში ვერ შევძელი. სამწუხაროდ, იქ კიდევ ერთი ტრავმა მივიღე.
სხვა მიზეზი არ არსებობს, ამის უკან არაფერი იმალება. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ტრავმირებული ვარ, მატჩის დასრულებისთანავე გუნდელებს დავუკავშირდი, რათა მათთვის განწყობა ამემაღლებინა. ასე იქცევიან ისინი, ვისაც გუნდის მდგომარეობა ნამდვილად აღელვებთ.
კარიერის განმავლობაში არასდროს მიმიძებნია გამართლება. ყოველთვის ვიღებდი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ვთამაშობდი და ტკივილზე არ ვფიქრობდი. ვუძღვებოდი გუნდს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რთული პერიოდები იყო. არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით.
პატივისცემა ერთმხრივი ქუჩა არ არის. მე ყოველთვის ვიჩენდი პატივისცემას როგორც მინდორზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. არასდროს მიღალატია ამ კლუბისთვის და არასდროს მითქვამს, რომ გუნდის მიმართ უკმაყოფილო ვარ."
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ინტერის რუმინელი მწვრთნელი ცალკე გაესაუბრა თავისი გუნდის კაპიტანსა და ტურამს. მათ შემდეგ კი მილანური კლუბის ვეტერანებს, იმისთვის, რომ გუნდში არსებული დაძაბულობა ერთხელ და სამუდამოდ ჩამცხრალიყო.
როგორც ცნობილი ხდება, კონფლიქტი მოგვარებულია და რაც შეეხება თურქ ნახევარმცველს, მისი სურვილისა და ოპტიმალური წინადადების შემთხვევაში, "ნერაძური" მას გაყიდის. სტამბოლელების გარდა, "როსონერის" ყოფილი შუახაზელის გარშემო არსებულ სიტუაციას მანჩესტერ იუნაიტედიც აკვირდება.









